ახალი ამბები

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.

„სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს“, – უთხრა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჰარცელს კითხვარის გადაცემისას.

„მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის შევსების მეორე და დასკვნით ეტაპზე განხორციელდა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

„ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას სამუშაოს დასრულებაში“, – დასძინა ჰარცელმა.

მთავრობამ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნები და ბლოკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეები არიან. 2021 წლის მაისში სამმა ქვეყანამ ბრიუსელთან ურთიერთობების დაახლოების მიზნით „ასოცირებული ტრიო“ ჩამოაყალიბა.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button