ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პარიზსა და ბრიუსელს სტუმრობს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე კვირას პარიზს და ბრიუსელს სტუმრობს, სადაც მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ხვდება და კიევის მიმართ თბილისის სოლიდარობას გამოხატავს.

28 თებერვალს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრაზე მათ საქართველოსა და საფრანგეთისთვის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

დღეს ზურაბიშვილი პარიზიდან ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს – შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

28 თებერვალს ვიზიტის შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთობის ნაწილი უნდა გავხდეთ“.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ დატრიალებულმა აგრესიამ „ახალი ფანჯარა“ გახსნა. „ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზსა და ბრიუსელზე იმ ფონზე სტუმრობს, როდესაც ქართული ოცნების მთავრობა და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაკისრებაზე უარი განაცხადეს და ქართველი მოხალისეები უკრაინაში არ გაუშვეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ქართული ოცნების წევრები კრიტიკის სამიზნენი მას შემდეგაც გახდნენ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში მოსკოვის „შესაძლო სამხედრო აგრესიის“ ხსენებაზე უარი განაცხადეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button