skip to content
ახალი ამბები

მოსამართლეები საერთო სასამართლოების შესახებ სადავო კანონს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ხუთმა მოსამართლემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ სადავო კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევისთვის“ მოსამართლეთათვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

11 აპრილით დათარიღებულ სარჩელში მოსამართლეები აცხადებენ, რომ ახლადშემოღებული პრინციპი ზოგადია და ის კანონმდებლებმა უნდა დააკონკრეტონ, რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ განმარტება არ არსებობს.

მოსარჩელეების განმარტებით, ახალი ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, თუ საშუალება, „იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდე ან ფოტო გამოხატვა“.

მოსამართლეების მტკიცებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ამასთან, მათივე თქმით, ახალი შეზღუდვები ვერც კანონის „ხარისხის მოთხოვნებს” აკმაყოფილებს და „წარმოადგენს არაგონივრულ და არათანაზომიერ ჩარევას მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში“.

მათივე თქმით, მოსამართლეთათვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონით ისედაც დაცულია, რომლის თანახმადაც, „მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი“.

საკონსტიტუციო სარჩელი ცვლილებების სხვა რამდენიმე პუნქტსაც ასაჩივრებს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას თანხმობის გარეშე მოსამართლე ორი წლით ერთი სასამართლოდან მეორეში გადაიყვანოს და მოსამართლეთა დისციპლინური სახდელის დაკისრებისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის (15) 2/3-ის თანხმობის ნაცვლად, საერთო ხმების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანას.

მოსამართლეების განმარტებით, ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადანაცვლება უკვე „სხვა ობიექტურ გარემოებებზე“ მითითებითაც შეუძლია. მანამდე კი – საბჭო ვალდებული იყო გადაწყვეტილება დაესაბუთებინა.

მოსამართლეთა განმარტებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც „იცავს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა“.

საკონსტიტუციო სარჩელს ხელს აწერენ მოსამართლეები: ეკა არეშიძე და თამარ ხაჟომია – თბილისის საქალაქო სასამართლოდან; ქეთევან მესხიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოდან;, მადონა მაისურაძე – რუსთავის საქალაქო სასამართლოდან; მამუკა წიკლაური – თელავის რაიონული სასამართლოდან.

ისინი იმ 14 მოსამართლეს შორის არიან, რომელთაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაგმეს და თქვეს, რომ ამით „დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტების, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება“.

ამასთან, არეშიძე, ხაჟომია, წიკლაური და მესხიშვილი იმ მოსამართლეებს შორისაც იყვნენ, რომლებიც 2021 წლის ნოემბერში, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხრიდან ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს არ დაეთანხმნენ.

მმართველმა პარტიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, 30 დეკემბერს, იმავე სხდომაზე მიიღო, რა დროსაც მათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირეს.

მაშინ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, მმართველმა პარტიამ დააზიანა სასამართლო, ერთი მხრივ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებით, მეორე მხრივ კი – ინდივიდუალური მოსამართლეების დანიშვნით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button