skip to content
ახალი ამბები

სადავო კანონპროექტი „გაუწონასწორებელი“ მოსაზრებებისთვის მოსამართლეთა დასჯას ითვალისწინებს 

ქართული ოცნების დეპუტატების გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვის დაჩქარების თაობაზე მორიგი უთანხმოება მოჰყვა. ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ გაუწონასწორებელი, არაზომიერი ან პოლიტიკურად მოტივირებული მოსაზრება გამოხატონ.

27 დეკემბერს ინიცირებული ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ დისციპლინარული ზომები მიიღოს იმ მოსამართლეთა წინააღმდეგ, რომელთაც, როგორც ამ უკანასკნელის შეფასებით, ეს პრინციპი დაარღვიეს. კანონპროექტით ამგვარი სანქციების გამოსაყენებლად საჭირო ხმების რაოდენობა საბჭოს შემადგენლობის 2/3-დან უბრალო უმრავლესობამდე მცირდება.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდება, რომელიც მოსამართლეთა მიერ შესაძლო გადაცდომებს შეისწავლის. ამასთანავე, გაუქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვაც.

ინიციატივას, რომელიც დროში დაემთხვა ქართული ოცნების კიდევ ერთ ინიციატივას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე, მოსამართლეების, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ამგვარი ქმედება „სასამართლო კლანს“ იმ კოლეგების დასჯის საშუალებას მისცემს, რომელთაც ცოტა ხნის წინ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მათ ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს.

მოსამართლეთა ნაწილი ინიციატივას გმობს

თოთხმეტმა მოსამართლემ, რომელთა უმეტესობამაც ნოემბერში სასამართლო ხელისუფლება გააკრიტიკა, განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტების, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება“.

მათივე თქმით, უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით „ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას“.

მოსამართლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მოიცავს მათ თავისუფლებას მონაწილეობა მიიღონ სამოსამართლო აქტივიზმში, ასევე მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვას.

„შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით ყველა ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაკანონდება, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. „დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას“, – განაცხადეს მათ და დასძინეს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა.

ხელმომწერებმა მოუწოდეს პარლამენტს თავი შეიკავოს ცვლილებების მიღებისგან, ვინაიდან „აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს“.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 28 დეკემბერს განაცხადა, რომ, „სამწუხაროდ“, შემოთავაზებული ცვლილებების განხილვა, „წარსული გამოცდილების მსგავსად, წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს“.

უფლებადამცველების შეფასებით, დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. მათივე თქმით, „ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად“.

ხაზი გაუსვეს რა, რომ „მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო ფორმატში განხილვის გარეშე“, არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოში, სადაც სასამართლოს სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობაა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს“.

მათივე თქმით, დისციპლინურ სახდელებზე გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება და კვორუმის შემცირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული, რამდენადაც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრი ამ დრომდე არ აურჩევია.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერა. ხშირად ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე (მაგ. წევრის აცილება მოსამართლესთან კავშირის გამო) კვორუმის შეკრება შეუძლებელია“, – განაცხადეს არასამთავრობოებმა.

არასამთავრობოების განმარტებით, საბჭოს არამოსამართლე წევრების დასანიშნად ქართულ ოცნებას საჭირო 90 ხმა არ აქვს და მას ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა სჭირდება. „მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ინიცირება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ სურვილი ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ, ასევე ისინი კიდევ ერთხელ ღიად უწყობენ ხელს სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას“, – განაცხადეს მათ.

კოალიციის თქმით, საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა „იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ“ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად. „წლებია, სასამართლო სისტემის კრიტიკისას მთავარი აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაზე კეთდება“, – განაცხადა კოალიციამ.

კოალიციამ მოუწოდა პარლამენტს შეაჩეროს ინიციირებული კანონპროექტის განხილვა და შექმნას კონსენსუსზე და საზოგადოების ფართო მონაწილეობაზე ორიენტირებული ფორმატი, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროების შესასწავლად და შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად.

აშშ-ის ელჩი ქართული ოცნების დეპუტატებს პროცესის გადადებისკენ მოუწოდებს 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 28 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა და მათთან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხები განიხილა და მათ ორივე შემთხვევაში პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მან შეხვედრაზე „დაჩქარებული“ პროცესის შესახებ წუხილები გამოთქვა და დასძინა, რომ „ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური კანონპროექტია და განსჯისთვის ფართო კონსულტაციებს და დროს მოითხოვს“. კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ „სწორედ ეს შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში“.

მისი თქმით, როგორც მან შეიტყო, იანვარში სასამართლო რეფორმაზე კონსულტაციების პროცესი დაიწყება.

„ვიმედოვნებ, კომიტეტის თავმჯდომარეები ჩვენს წუხილებს სერიოზულად მიიღებენ და განიხილავენ ორივე კანონპროექტის გადადების საკითხს მანამ, სანამ არ გაიმართება ყოვლისმომცველი, ფართო და ინკლუზიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პარლამენტი 29-30 დეკემბერს რიგგარეშე სხდომებს გამართავს, რა დროსაც ორივე სადავო ინიციატივაზე სამი მოსმენა გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button