skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს, 81 ხმით 7-ის წინააღმდეგ საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებები მცირედი შესწორებით მიიღო. გაუწონასწორებელი, არაზომიერი ან პოლიტიკურად მიკერძოებული მოსაზრებების გამო მოსამართლეთათვის სანქციების დაკისრების შესახებ ქართული ოცნების ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. 

ქართული ოცნების დეპუტატებმა მოსამართლეთათვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელების დაკისრების თვალსაზრისით უკან დაიხიეს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები კვლავ შეიცავს ჩანაწერს მოსამართლის მიერ აზრის „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“ გამოთქმის შესახებ, ამოღებულია მონაკვეთი „გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის“ თაობაზე.

შესწორებულ ვერსიაში ასევე არ გვხვდება სანქციის სახით მოსამართლის 5 წლის ვადით სხვა სასამართლოში გადაყვანის ან დაქვეითება. თუმცა, მითითებულია, რომ შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად.

სხვა ცვლილებები, რომლებსაც ასევე მოჰყვა კრიტიკა კანონში კვლავ რჩება. ცვლილებების თანახმად, მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესწავლის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური. ამასთან, მოსამართლეთათვის დისციპლინური სანქციების გამოსაყენებლად საჭირო ხმების რაოდენობა საბჭოს შემადგენლობის 2/3-დან უბრალო უმრავლესობამდე მცირდება.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, გაუქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვაც, რაც არასამთავრობოების შეფასებით, „იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ“ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.

28 დეკემბერს, 14-მა მოსამართლემ, რომელთა უმეტესობამაც ნოემბერში სასამართლო ხელისუფლება გააკრიტიკა, განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტების, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება“.

კენჭისყრამდე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია აცხადებდნენ, რომ ამგვარი ქმედება „სასამართლო კლანს“ იმ კოლეგების დასჯის საშუალებას მისცემს, რომელთაც ცოტა ხნის წინ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მათ ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან ერთად ქართულმა ოცნებამ სხვა სადავო გადაწყვეტილებებიც მიიღო, მათ შორის იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. კრიტიკის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ მესამე ინსტანციის სასამართლოში ბოლო ვაკანტურ ადგილზე მოსამართლე 29 დეკემბერს დაამტკიცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button