Placeholder canvas
ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თანამდებობაზე რჩება 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა და პანდემიის მართვაზე ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა, ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კლინიკები პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არასათანადოდ ხარჯვაში დაადანაშაულა, ცერცვაძემ თქვა, რომ გადადგომაზე ფიქრობდა.

9 მაისს საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ვრცელ ინტერვიუში, ცერცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან „ცალსახა და უპირობო“ მხარდაჭერამ იგი დაარწმუნა, რომ თანამდებობაზე დარჩენა უკეთესი იქნებოდა „საქმისა და ქვეყნისთვის“.

„მე რომ მეგონა თავიდან, რომ მთელი ქვეყანა დაინგრა და მთელი ქვეყანა ჩემ წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი“, – განაცხადა მან.

ცერცვაძის შეფასებით, საზოგადოებისა და მედიის გარკვეულმა ნაწილმა განზრახ მოახდინეს თანხების არასათანადო ხარჯვაზე მინისტრის თავდაპირველი განცხადების არასწორი ინტერპრეტირება და ცერცვაძის წინააღმდეგ დარტყმად შეაფასეს.

ინფექციონისტის განცხადებით, მინისტრს ჯერ უნდა დაეზუსტებინა ჰქონდა თუ არა გარკვეულ კლინიკებში ადგილი „დარღვევებს, არამიზნობრივ ხარჯებს, მითვისებებს, გაფლანგვებს“ და ამის შემდეგ გამოეტანა ეს საკითხი სამსჯავროზე.

ცერცვაძის თქმით, მინისტრის განცხადებები, სადაც დარღვევებში დადანაშაულებული კლინიკების სახელები დაკონკრეტებული არ იყო, „არასწორი ინსინუაციების და ინტერპრეტაციების წყარო“ გახდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 1 მლრდ ლარი, რომელიც კლინიკებს კოვიდის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირების ფარგლებში გამოუყვეს, „კი არ მიითვისა ვინმემ, კი არ გაიფლანგა, არამედ მოხმარდა 1 655 000 კოვიდავადმყოფის მკურნალობას და, მათ შორის, 250 000 ჰოსპიტალიზებული ადამიანის მკურნალობას“.

„და ეს თანხა სულ არ არის ბევრი, პირიქით სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტია დახარჯული“, – დასძინა მან.

ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, 6 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ „ცალკე აღებული ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ“.

მისივე თქმით, ცერცვაძე და კლინიკის თანამშრომლები იმ ჯგუფების შემადგენლობაში არიან, რომლებიც კლინიკებში ინფექციის კონტროლის მხრივ მონიტორინგს ახორციელებენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას და ცერცვაძეს 5 მაისს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ მას შემდეგ, რაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მკაცრი განცხადება გააკეთა და „უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები“ დაგმო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button