ახალი ამბები

ბრიტანელი დეპუტატები საქართველოს პრემიერს და დეპუტატებს შეხვდნენ 

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ორპარტიული დელეგაცია დეპუტატ ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით, 5 აპრილს, თბილისში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ თემთა პალატის წევრები – ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი, ჯუდიტ ქამინსი, ტიმოთი ლაუთონი, ჯესიკა მორდენი და მარკ პაუსი.

პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმებზე და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის „უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში, განსაკუთრებით კი ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მან აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს.

იმავე დღეს, ჯონათან ჯანოგლიმ გაფართოებული შეხვედრა გამართა მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს პოზიციაზე ამ ყველაფერთან დაკავშირებით – თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენას საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტების კითხვაზე შეეხო თუ არა საუბარი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩვენ ყველას ნათლად ვუხსნით იმას, თუ რა იყო ამ კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი და ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით რა რისკებთანაა დაკავშირებული სანქციები საქართველოსთვის“.

გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის, ხატია დეკანოიძეს ნაციონალური მოძრაობიდან, დავით უსუფაშვილს ლელოდან, თეონა აქუბარდიას სტრატეგია აღმაშენებლიდან, ლევან იოსელიანს მოქალაქეებიდან და ფრიდონ ინჯიას ევროპული სოციალისტებიდან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიტანელ დეპუტატებს აინტერესებდათ ოპოზიციის მოსაზრება საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლოს რეფორმებისა და პარლამენტში ძალთა გადანაწილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ჯანოგლიმ Twitter-ზე დაწერა, რომ „რუსეთის და უკრაინის გვერდით, რთულ სამეზობლოში, ახლა კარგი დროა, საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი საერთო ძლიერი დემოკრატიული ღირებულებები ვაჩვენოთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button