ახალი ამბები

5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულ ორ პირს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 8 მაისს სასჯელი 1 წლიდან და 3 თვიდან 3 წლამდე დაუმძიმა 2021 წლის 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობისთვის უკვე მსჯავრდებულ ორ პირს – გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს.

მსჯავრდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდათ. შესაბამისად, გიორგი მაღრაძე სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, რომელიც სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მასზე ძებნას გამოაცხადებენ.

გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა 2022 წლის აპრილის დასაწყისში მიუსაჯა. მათთან ერთად, კიდევ ორ პირს 1-წლიანი, სამს კი – 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. სააპელაციო სასამართლომ მათი განაჩენები ძალაში დატოვა. საქმე ე.წ. მოპედის ეპიზოდსაც მოიცავდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მოძალადე ხალხმრავალ სივრცეში მოპედით შეიჭრა. შედეგად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი დაშავდნენ.


2021 წლის ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. სასამართლომ ყველა მათგანი მისცა პასუხისგებაში. თუმცა, საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია, რაც არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button