ახალი ამბები

საია: 2021 წლის, 5-6 ივლისის მოვლენები არ არის სათანადოდ გამოძიებული

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იუწყება, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა დღემდე არ არის სათანადოდ გამოძიებული შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი.

საია-ს განცხადება

საია 19 დაზარალებული პირის უფლებებს იცავს, (მათ შორის 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია), რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ლგბტ+ ჯგუფთან ასოცირების გამო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საია დაუკავშირდა საგამოძიებო ორგანოებს და შეიტანა ათზე მეტი საჩივარი, რომელთა უმეტესობაზე ოპერატიულად რეაგირება არ მომხდარა.

გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო რამოდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას საქმეზე სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საფუძველზე ექვსივე ბრალდებული სცნო დამნაშავედ და განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, როგორც საია იტყობინება: „მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები განიხილება უზენაეს სასამართლოში“.

საია აცხადებს, რომ: „დღესდღეობით ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები“. გამოძიებასთან დაკავშირებით კი საია აღნიშნავს, რომ: „მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი“. ამასთანავე, „საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში“.

ამავდროულად, საია-ს განცხადებით „საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში მომჩივანთა მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირები არ არიან გამოვლენილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი იდენტიფიკაცია არასრულია. მოთხოვნის მიუხედავად, საიას ჯერ არ მიუღია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

საია იუწყება, რომ ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გამოძიებას პასუხი არ გაუცია და ოჯახი კვლავ ელოდება გამოძიების შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელი გავიდა.

საია აცხადებს, რომ 2022 წლის 4 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა საჩივარი 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით. როგორც ორგანიზაცია იუწყება: „საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა“.

„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა“, აღნიშნა საია-მ და დასძინა, რომ შეპასუხების ვადა 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. „ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს“.

საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: „5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც.  მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარი 5-6 ივლისის მოვლენებზე

„სამწუხარო მოვლენა მოხდა 5 ივლისს. სრულიად დაუგეგმავად, მოულოდნელად მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა,“ – განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში. დარახველიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მოულოდნელი მოვლენა იყო და დასძინა, რომ 5 ივლისამდე ექვსი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განიხილა ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის 50 შემთხვევა.

„მყისიერად დავიწყეთ რეაგირება, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიდიოდა გამოძიება, ათასობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, არაერთი ვიდეომტკიცებულება და ელექტრო მონაცემი იქნა შესწავლილი… საბოლოო ჯამში 31 ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთაგან ნაწილი დღესაც სასჯელს იხდის, ნაწილმა უკვე მოიხადა სასჯელი,“ – განაცხადა დარახველიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კომენტარი

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ორგანიზატორი არ ჰყავდა: „სპონტანური ძალადობა იყო 5 ივლისს და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეაგირება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, 5-6 ივლისის დანაშაულისთვის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნა დაბალი სამართლებრივი სტანდარტია: „თუ, მაგალითად, ასეთ დაბალ სტანდარტს გავყვებით, რომელსაც თქვენ ითხოვთ, მაშინ დასაჭერი არის გიორგი ვაშაძე, 7-8 მარტის აქციების გამო და დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. მათაც მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, ალყა შემოერტყათ პარლამენტისთვის, რამაც გამოიწვია ძალადობა. ეს არის დაბალი სტანდარტი და ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი, სამართლებრივი თვალსაზრისით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button