Placeholder canvas
ახალი ამბები

სოხუმმა დონბასიდან 93 ევაკუირებული ადამიანი მიიღო 

სოხუმმა დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან ევაკუირებული 93 ადამიანი მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 55 ადამიანი ლუგანსკიდან და 38 ადამიანი დონეცკიდან სოხუმში მდებარე პანსიონატ „აიტარში“ განათავსეს.

აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ევაკუირებული მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის საზღვრის ოკუპირებული მონაკვეთიდან 23 თებერვალს წამოიყვანა.

ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთიდან ზურგგამაგრებულმა სეპარატისტებმა  ევაკუაცია 18 თებერვალს იმ მოტივით დაიწყეს, თითქოს კიევი ამ რეგიონებზე შეტევას გეგმავდა. ეს ბრალდება მალევე უარყო უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრო კულებამ.

აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ „საგანგებო სიტუაციების მინისტრს“, ლევ კვიცინიას ევაკუირებული მოქალაქეების განთავსებისთვის მომზადება 21 თებერვალს დაავალა.

ბჟანიას მაშინდელი განცხადებით, აფხაზეთის ხელმძღვანელობას მუდმივი კავშირი აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებთან და „საჭიროების შემთხვევაში“, მათ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.

18 თებერვალს სეპარატისტებისა და მოსკოვის მიერ დონბასიდან დაწყებულ ევაკუაციას 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინის მიერ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. დღეს დილით კი რუსეთმა უკრაინაზე არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

ცნობისთვის, სტატია განახლდა 20:50-ზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button