skip to content
ახალი ამბები

კოვიდთან დაკავშირებული იზოლაციის პერიოდი კვლავ მცირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის მიმდინარეობის თავისებურებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დღეიდან კოვიდთან დაკავშირებული იზოლაციისა და კარანტინის წესები კვლავ მცირდება.

კერძოდ, ასიმპტომური და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტთათვის, იზოლაციის პერიოდი 8-დან 7 დღემდე შემცირდება, თუმცა სიმპტომების გასვლიდან სულ მცირე 24 სთ უნდა იყოს გასული.

ამასთან, სტრატეგიულ დანიშნულების მქონე დაწესებულებებში მომუშავე პირთათვის, განსაკუთრებით კი – სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადა ვირუსის დადასტურებიდან მეექვსე დღეს დასრულდება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათთვის ჩატარებული ანტიგენ ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი.

იზოლაციის პერიოდი უცვლელი, 10 დღე დარჩა საშუალო და მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტთათვის.

სამივე შემთხვევაში, გამოჯანმრთელებული პაციენტებისთვის მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება.

კარანტინის ვადები 8-დან 5 დღემდე მცირდება:

  • კოვიდის მქონე პირთან კონტაქტისას აუცრელი და არასრულად აცრილი მოქალაქეებისთვის;
  • ბუსტერ დოზის არმქონე პირთათვის, თუკი მეორე დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
  • თუკი ვირუსის გადატანიდან გასულია 60-დღიანი პერიოდი.

ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 6-12 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

საგულისხმოა, იზოლაციისგან თავისუფლდებიან, თუმცა კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულება აქვთ:

  • სრულად და ბუსტერ დოზით აცრილი პირები;
  • სრულად აცრილი პირები ბოლო დოზიდან 14 დღის შემდეგ 90 დღის განმავლობაში;
  • კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პირები, მომდევნო 60 დღის განმავლობაში.
10 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) კოვიდის 1 398 059 შემთხვევაა დადასტურებული. 1 154 476 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 15 404 კი – გარდაიცვალა. გასული 24 სთ-ის განმავლობაში, ვირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 245 პაციენტი განიკურნა, 53 გარდაიცვალა.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ერთი დოზით მაინც აცრილია 1 341 732 მოქალაქე (18+), მათგან სრულად აცრილია 1 230 594 ადამიანი. ბუსტერ დოზით 189 558 მოქალაქე აიცრა

.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button