skip to content
ახალი ამბები

საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებული თვითიზოლაციის პერიოდი მცირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 ინავრიდან კოვიდინფიცირებულთა და მათი კონტაქტებისთვის განსაზღვრული კარანტინისა და თვითიზოლაციის პერიოდი მცირდება.

მისი თქმით, ასიმპტომური და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტთათვის, იზოლაციის პერიოდი 8 დღე იქნება, თუმცა სიმპტომების გასვლიდან სულ მცირე 24 სთ უნდა იყოს გასული.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომელთანაც ვირუსი საშუალოდ და მძიმედ მიმდინარეობს, მათთვის იზოლაციის პერიოდი 10 დღით განისაზღვრება. ამ შემთხვევაშიც, ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა.

გამოჯანმრთელებული პაციენტთათვის მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

იზოლაციის განსხვავებული წესები ამოქმედდება ინფიცირებულთან კონტაქტებისთვის, რაც მათი ვაქცინაციისა და ინფექციის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.

იზოლაციისგან თავისუფლდებიან, თუმცა კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულება აქვთ:

  • სრულად და ბუსტერ დოზით აცრილი პირები;
  • სრულად აცრილი პირები ბოლო დოზიდან 14 დღის შემდეგ 90 დღის განმავლობაში;
  • კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პირები, მომდევნო 60 დღის განმავლობაში.

კონტაქტისას, 8-დღიანი თვითიზოლაციისა და მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში პირბადის გამოყენების მკაცრი რეკომენდაცია აქვთ:

  • არავაქცინირებულ და არასრულად (ერთი დოზით) აცრილ პირებს;
  • პირებს, რომელთაც კონტაქტი მეორე დოზის მიღებიდან 14-დღის განმავლობაში ჰქონდათ;
  • პირებს, რომელთაც კონტაქტი მეორე დოზიდან 14 დღის შემდგომი 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ჰქონდათ და არ არიან ბუსტერ დოზით აცრილნი;
  • პირებს, რომელთა გამოჯანმრთელებიდან 60 დღეა გასული.

მოცემული მომენტისთვის, ასიმპტომური პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 10 დღით არის განსაზღვრული, სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში კი – მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე.

ამასთან, 12 დღიანი თვითიზოლაციაა რეკომენდებული ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირთათვის.

15 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) კოვიდის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. 925 137 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 14 425 კი – გარდაიცვალა. დღეს ვირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 065 პაციენტი განიკურნა, 30 გარდაიცვალა.
  • კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

შენიშვნა: მასალა 18 იანვარს, 12:00 სთ-ზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად განახლდა. მანამდე, კონტაქტის შემთხვევაში კარანტინის წესების შესახებ მასალაში არსებული მონაცემები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მიერ ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button