skip to content
ახალი ამბები

საქართველო აშშ-სგან „ჯაველინის“ სარაკეტო სისტემის ახალ პარტიას შეიძენს

საქართველოს მთავრობის 31 იანვრის ცნობით, ქვეყანა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის „ჯაველინების“ შესაძლო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის აგვისტოში მიიღო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „ჯაველინს“-ს გამარტივებული წესით შეისყიდის. შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულებაც 26 246 866 აშშ დოლარია, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შტატებისა და საქართველოს მთავრობათა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.

აგვისტოში, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას აშშ-ის საელჩომ საქართველოში აღნიშნა, რომ საქართველომ აშშ-ს Javelin FGM-148-ის 82 რაკეტისა და 46 გამშვები დანადგარის, ასევე სხვა აღჭურვილობისა და სერვისების მიყიდვა სთხოვა.

საელჩომ მაშინ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის „ჯაველინების“ პოტენციური მიყიდვა აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას დაეხმარება, რადგან „ის გააუმჯობესებს საქართველოს უსაფრთხოებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი კონტრიბუტორია“.

„ჯაველინების სარაკეტო სისტემები დაეხმარება საქართველოს გაიძლიეროს გრძელვადიანი თავდაცვითი პოტენციალი, რათა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დააკმაყოფილოს ეროვნული თავდაცვის მოთხოვნები“, – განაცხადა საელჩომ.

„ჯაველინის“ სისტემის პირველი პარტიის საქართველოსათვის მიყიდვის გადაწყვეტილება აშშ-მა 2017 წლის ნოემბერში მიიღო. 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველი პარტია საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button