skip to content
ახალი ამბები

სოხუმში ოპოზიცია სამართალდამცველებს დაუპირისპირდა 

სოხუმში ოპოზიციის მიერ 21 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა , რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

აქციის ორგანიზატორი ახლახან შექმნილი აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირია, რომელიც წლის განმავლობაში მომხდარი რიგი უთანხმოებების გამო ასლან ბჟანიას ადმინისტრაციას სულ უფრო უპირისპირდება.

ოკუპირებული რეგიონის პრობლემების ჩამონათვალი მოიცავს გაჭიანურებულ ენერგოკრიზისს, პანდემიის მართვას, 30 სექტემბრის სროლის ინციდენტს სოხუმში, ასევე წუხილებს გაუარესებულ კანონაღსრულებაზე, ბჟანიას განცხადებას მოსკოვთან „სუვერენიტეტის გაყოფაზე“ და ამჟამად ოპოზიციონერი ლიდერის, კან კვარჩიას მფლობელობაში არსებული ბესლეთის უძველესი ჰესის პრივატიზაციის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას.

აქცია ბჟანიას კრიტიკით დაიწყო

21 დეკემბრის აქცია ყველაზე მწვავედ გამოხატავდა პროტესტს ბჟანიას წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.

აქციის მონაწილეები პირველად სოხუმის ცენტრში, დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქცია არასანქცირებული იყო, ვინაიდან აგვისტოში ბჟანიამ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო ღონისძიებებისა და შეხვედრების გამართვა აკრძალა.

აფხაზეთის სახალხო-პატრიოტულ კავშირში გაერთიანებული ორგანზაციების ლიდერებმა აქცია ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის კრიტიკით დაიწყეს.

მოძრაობა „ახიაცას“ ლიდერმა, ახრა ბჟანიამ აფხაზეთის ლიდერი სადავო „საგარეო პოლიტიკის“ გამო გააკრიტიკა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერი ბჟანიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ ნაწილის რუსეთისთვის დათმობას ეხებოდა.

მან ბჟანია თბილისთან შესაძლო მოლაპარაკებების გამოც გააკრიტიკა. მას მხედველობაში ჰქონდა ოკუპირებული რეგიონის „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ სადავო ნორმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესახებ. ეს ნორმა უკვე ამოღებულია კონცეფციიდან.

ოპოზიციის ლიდერმა ასევე ისაუბრა კრიპტოვალუტის მოპოვებასთან დაკავშირებულ ენერგოკრიზისზე და „კანონის შერჩევით გამოყენებაზე მხოლოდ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან“.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ჯგუფის „არუაას“ თავმჯდომარემ, თემურ გულიამ გაიხსენა, რომ მუხლი თბილისთან დიალოგის შესახებ მხოლოდ ოპოზიციის და საზოგადოების ძალისხმევის შედეგად იქნა ამოღებული.

მან აფხაზეთის ლიდერი „საგარეო პოლიტიკასთან“ დაკავშირებული სკანდალისა და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გამოც გააკრიტიკა. „თითქმის ორი წელია, არცერთი შესრულებული საარჩევნო დაპირება არ გვინახავს“, – განაცხადა გულიამ.

ადგურ არძინბამ, სახალხო პატრიოტული კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა და „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ აფხაზეთის ლიდერმა ვერ გამოიტანა დასკვნები თვენახევრის წინ სოხუმის სროლის ინციდენტთან დაკავშირებით გამართული აქციებიდან.

იმავდროულად, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური, „ეხო კავკაზა“ არძინბას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ადამიანებს, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, არ ესმით სუვერენიტეტის არსი… ისინი აზრზე არ არიან, როგორ მართონ დამოუკიდებელი სახელმწიფო და რაღაც მფარველობისკენ ისწრაფვიან“.

პარტია „აფსნის“ ლიდერმა, ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ ბჟანიას ადმინისტრაცია „ხალხის სულისკვეთებას ამსხვრევს და გამუდმებით არწმუნებს მათ იმაში, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლად ცხოვრება და განვითარება არ შეუძლია“.

წარუმატებელი მოლაპარაკებები აფხაზეთის ლიდერთან

გამოსვლების შემდეგ, ორი ოპოზიციონერი ლიდერი, თემურ გულია და ასლან ბარციცი ბჟანიას შეხვდნენ, რათა მისთვის აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გადაეცათ, რომ აქციაზე მისულიყო და საზოგადოებას დალაპარაკებოდა.

მოლაპარაკებების შემდეგ, აქციაზე აფხაზეთის ლიდერის მრჩეველი, ნუგზარ ლოგუა მივიდა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ბჟანია არ მივიდოდა აქციაზე და არ დაარღვევდა საკუთარ განკარგულებას მასობრივი შეკრებების აკრძალვის თაობაზე.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ლოგუამ განაცხადა, რომ ბჟანია მზადაა დაჯდეს ოპოზიციასთან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც სიტუაციაა დასტაბილურდება და ყველა საჭირბოროტო საკითხი განიხილოს.

სამართალდამცველებთან შეტაკების ფონზე აქცია არეულობაში გადაიზარდა

დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბჟანიამ აქციას მონაწილეებთან მისვლაზე უარი განაცხადა და ისინი დრამატული თეატრიდან „პარლამენტისკენ“ დაიძრნენ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენჯერმე შეეცადნენ მილიციის კორდონის გარღვევას და საკანონდებლო ორგანოში შეჭრას.

„აფსნიპრესის“ მიერ ტელეგრამზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩაიგდეს ხელში აქციის მონაწილეებმა ავტობუსი და პარლამენტისკენ გზის გაკვალვას ცდილობდნენ.

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც Vkontakte-ზე გამოქვეყნდა, ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ავტობუსის გადაყირავებას შეეცადნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათი დაშლა კვამლის გამშვები ყუმბარის მეშვეობით სცადეს. კადრებში ასევე ჩანს პიროტექნიკა, თუმცა უცნობია ვინ გამოიყენა ის.

აფხაზეთის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მის გადამღებ ჯგუფს არეულობის დროს თავს დაესხნენ.

ოპოზიციამ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მოთხოვნები წამოაყენა

დაძაბულობის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები – თემურ გულია, ადგურ არძინბა და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მიხეილ სანგულია „პარლამენტის“ შენობაში შევიდნენ აფხაზეთის ლიდერთან, „პრემიერმინისტრ“ ალექსანდრე ანქვაბთან და ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსთან, ალხას კვიცინიასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერმა, ახრა ბჟანიამ „პარლამენტში“, სადაც ასლან ბჟანიას უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გეგმა გაახმოვანა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერმა მოითხოვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დროს „გაიყინოს ენერგეტიკასთან, ქონებასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა“, ცვლილებები შევიდეს „კონსტიტუციაში“, რათა გაუქმდეს „პრემიერმინისტრის“ სამსახური, სრულად მაჟორიტარული სისტემიდან შერეულ საარჩევნო სისტემაზე მოხდეს გადასვლა და „მინისტრები“ დეპუტატებმა დაამტკიცონ.

მისივე თქმით, ამ მოთხოვნების შესასრულებლად 12 მარტს დაგეგმილი „საპარლამენტო არჩევნების“ გადადებაც იქნება საჭირო.

ტელეგრამის არხი „რესპუბლიკა“ ადგურ არძინბას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იგი წინააღმდეგია, რომ „არჩეულმა პრეზიდენტმა“ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვოს, თუმცა დასძინა, რომ ამგვარი ქმედება გამართლებული იქნება „თუ პრეზიდენტი და მისი მთავრობა განაგრძობენ ისეთი რამის კეთებას, რაც ხალხის ინტერესებს ლახავს“.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, არძინბამ ასევე განაცხადა, რომ ბჟანიამ მათ დაჰპირდა, რომ განიხილავს „საპარლამენტო არჩევნების“ შესაძლო გადადების საკითხს და თავისი მთავრობის მუშაობის შედეგებს 2021 წლის ბოლოსთვის შეაჯამებს, რათა შემდეგ კადრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

ამის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მალევე დაშლა დაიწყეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button