Placeholder canvas
ახალი ამბები

აფხაზეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში „სისტემური კრიზისის“ თაობაზე წუხილები იზრდება

აფხაზმა „დეპუტატებმა“ „შინაგან საქმეთა მინისტრი“, დმიტრი დბარი, „გენერალური პროკურორი“ ადგურ აგრბა და „უშიშროების სამსახურის“ სხვა წარმომადგენლები 24 ნოემბერს „საკანონმდებლო ორგანოში“ დაიბარეს იმ ფონზე, როდესაც სამართალდამცველ სტრუქტურებში „სისტემური კრიზისისა“ და ოკუპირებულ რეგიონში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების თაობაზე წუხილები სულ უფრო იზრდება. იმავე დილას, ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციონერ „დეპუტატებს“ შორის მწვავე დაპირისპირებამდე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მგზავრებიან მიკროავტობუსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

„პარლამენტის“ საგანგებო სხდომა აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის მიმართვის საფუძველზე მოიწვიეს. ეს ახალი პოლიტიკური პლატფორმა 9 ოპოზიციურმა ორგანიზაციამ 17 ნოემბერს ჩამოაყალიბა და მისი გაცხადებული მიზანი აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის „ანტიეროვნულ“ პროექტებთან დაპირისპირებაა.

სხდომის ჩატარების თაობაზე პატრიოტული კავშირის მოწოდების მიზანი იყო განეხილათ 30 სექტემბერს ომის ვეტერანებსა და მილიციელებს შორის მომხდარი ჩხუბი, გაგრის მილიციაში დაკავებული ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობა და 16 ნოემბერს სამილიციო ოპერაცია გარდაცვლილი მამაკაცის მეგობრების წინააღმდეგ, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, გაგრელი მილიციელების მკვლელობას გეგმავდნენ. საბოლოოდ, ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა, ერთი კი – დაშავდა.

ოპოზიციის წუხილები და ბრალდებები ოფიციალური პირების წინააღმდეგ

„პარლამენტის“ სხდომაზე, ოპოზიციური ჯგუფის „აიდგილარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა შამბამ პატრიოტული კავშირის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც 30 სექტემბრის სროლის ინციდენტსა და ამ ინციდენტში „დეპუტატების“ – გარი კოკაიას და ალმასხან არძინბას როლის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე იყო საუბარი.

კიდევ ორი საქმე შეეხებოდა 14 სექტემბერს 24 წლის ანრი ატეიბას გარდაცვალებას, რომელმაც ერთი თვით ადრე, 12 აგვისტოს გაგრის დროებითი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა. ატეიბას დედის მტკიცებით, მისი შვილი მილიციელებმა სცემეს და თვითმკვლელობისკენ უბიძგეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 7 აგვისტოს დააკავეს და გაგრის რაიონული მილიციის თანამშრომლის წინააღმდეგ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი.

ატეიბას გარდაცვალების შემდეგ, 16 ნოემბერს მილიცია მისი მეგობრების, 22 წლის ამირ კეტიას და 23 წლის ომარ ხაგუშის დაპატიმრებას შეეცადა, მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით. დაკავების მცდელობას მილიციელებსა და ორ ეჭვმიტანილს შორის სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც კეტია დაიღუპა, ხოლო ხაგუში დაიჭრა. ოპოზიციამ მიმართვაში ამ ინციდენტს „სისტემური ძალადობის, არაპროფესიონალიზმისა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა დაუსჯელობის აპოთეოზი“ უწოდა.

ოპოზიციამ გადაუდებელი ზომების მიღებისკენ აუცილებლობას გაუსვა ხაზი იმ „ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პირადად არიან პასუხისმგებელნი შიდა პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებაზე“. მათ ხაზი გაუსვეს, რომ „არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საღი აზრის მიუხედავად“, აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ვერ მიიღო გადაუდებელი ზომები.

სამართალდამცველი სტრუქტურების პასუხი

მწვავე დისკუსიის დროს, შეხვედრაზე მყოფი სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის „შინაგან საქმეთა მინისტრი“, დმიტრი დბარი, „გენერალური პროკურორი“, ადგურ აგრბა, სოხუმის „პროკურორი“, ალხას აგუმავა და „უშიშროების სამსახურის“ უფროსი, რობერტ კიუტი შეეცადნენ, რომ ბრალდებებისგან თავი დაეცვათ.

ატეიბასთან დაკავშირებით, „პროკურორმა“ აგრბამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამი მილიციელის წინააღმდეგ. 16 ნოემბრის ინციდენტის შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ კეტიაც და ხაგუშიც შეიარაღებულები იყვნენ და რომ მათ პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი მილიციელებს. მისივე თქმით, პროკურატურამ მილიციელების მიერ რაიმე დარღევის ჩადენა ვერ დააფიქსირა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა,“ დმიტრი დბარმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად მათი ახალგაზრდა ასაკისა, კეტიასაც და ხაგუშსაც არაერთხელ ჰქონდათ წაყენებული სერიოზული ბრალდებები და დასძინა, რომ ინციდენტამდე ორი წლით ადრე, ატეიბა თავის მოკვლას მილიციის სხვა განყოფილებაშიც შეეცადა.

რაც შეეხება 30 სექტემბრის ინციდენტს, დბარმა გაიმეორა, რომ მან ბოდიში მოუხადა ომის ვეტერანებს და აღნიშნა, რომ „პროკურატურამ“ ამას თავისი სამართლებრივი შეფასება მისცა.

თავის მხრივ, დბარმა შეშფოთება გამოხატა სამართალდამცველი სისტემის წინააღმდეგ ოპოზიციის ღია ბრძოლის თაობაზე. „ეს მაშფოთებს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩემი საქმის კეთების ნაცვლად, მე ორი თვეა პოლიტიკაში ვარ ჩართული“, – განაცხადა მან.

განხილვის შემდეგ, „საკანონმდებლო ორგანომ“ რეზოლუციის მიღების საკითხი დააყენა და ასლან ბჟანიას დბარის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და „პარლამენტში“ „გენერალური პროკურორის“ გათავისუფლების პროცედურების ინიცირებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან „პროკურატურას“ სოხუმის „პროკურორის“, ალხას აგუმავას გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. თუმცა, რეზოლუციამ „დეპუტატების“ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ასევე წაიკკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button