skip to content
ახალი ამბები

შეთანხმების მიუხედავად ოპოზიციამ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც ერთ-ერთია იმ ექვსთაგან, სადაც უპირატესობა ოპოზიციას აქვს, შეთანხმების მიუხედავად ოპოზიციურმა პარტიებმა საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის არჩევა მაინც ვერ შეძლეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია საქართველოსთვის 7-7, ლელოს კი – 1.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ლელო შეთანხმდნენ, რომ თავმჯდომარის პოსტზე მხარს საქართველოსთვის კანდიდატს შოთა წურწუმიას დაუჭერდნენ, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას უპირისპირდებოდა. ხმების საჭირო რაოდენობის (14) მიღება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო.

ფარულ კენჭისყრაში ქართული ოცნების კანდიდატს მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12-მა კი – საქართველოსთვის კანდიდატს. ერთი ხმა გაბათილდა, რამდენადაც საკრებულოს ერთმა წევრმა ორივე კანდიდატი შემოხაზა. დღევანდელ სხდომას ნაციონალური მოძრაობის ერთი დეპუტატი – რამაზ გულუა არ ესწრებოდა.

დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებულმა პროცესებმა გააჩინა ეჭვი, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მხარი ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭირა, ერთმა კი – საკუთარი ხმა განზრახ გააბათილა. აღნიშნულს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოსთვის შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

ხაზი გაუსვა რა, რომ პარტია საქართველოსთვის „ერთსულოვანი“ და „მყარი“ ბირთვია, შოთა წურწუმიამ განაცხადა, რომ მას თანაგუნდელებთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ აქვს და ეჭვი ნაციონალურ მოძრაობასა და ლელოში შეაქვს. „თქვენ თვითონ განსაჯეთ ეს ადამიანები გაიყიდნენ თუ არა [და] დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ოთო შენგელიამ განაცხადა, რომ ენმ თავის და ლელოს დეპუტატებში დარწმუნებულია და პირიქით, ეჭვი ყოფილი პრემიერს პარტიის მიმართ აქვთ. „არ ვიცი [გიორგი] გახარიას გუნდში რა მოხდა“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულო წარდგენილი კანდიდატებიდან თავმჯდომარის პოსტზე ვერცერთს აირჩევს, ხელახალი ხმის მიცემა უნდა ჩატარდეს, რომელშიც მხოლოდ მეტი ხმის მქონე კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რის გამოც სხდომა გადაიდო. ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერც 3 დეკემბრის სხდომაზე აირჩია.

საკრებულოებში თავმჯდომარეების არჩევისას წარმოქმნილი ჩიხის გამო გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია მხარს გიორგი გახარიას პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დაუჭერდა. თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს სხვა საკვანძო თანამდებობები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უნდა დაეკავებინათ.

დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის ნაწილი პირდაპირ კოლაბორაციულ გარიგებაში შევიდა ქართულ ოცნებასთან“. „ერთია შეთავაზება და მეორეა საქმე, რასაც მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე აქვს ადგილი“, – ხაზი გაუსვა მანვე, რითაც ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამზე მიუთითა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button