ახალი ამბები

ქართული ოცნება უმრავლესობას დამოუკიდებლად 7 საკრებულოში ვერ ქმნის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნება ორი თვითმმართველი ქალაქისა და ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში – ბათუმსა და რუსთავში, ასევე ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილში, სენაკსა და წალენჯიხაში უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ აკომპლექტებს.

ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 16 არჩეული დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 15, ლელოს 1, პარტია საქართველოსთვის სახელით ამავე საკრებულოში 3 დეპუტატი მოხვდა, თუმცა 1-მა ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა და თქვა, რომ დამოუკიდებელ საქმიანობას განაგრძობს.

რუსთავის ასევე 35-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16-16 მანდატი აქვთ, გიორგი გახარიას საქართველოსთვის კი – 3.

საგულისხმოა, რომ ქართულმა ოცნებამ ამ მანდატთაგან ერთი 30 ოქტომბრის მეორე ტურის შედეგად მოიპოვა და, შესაძლოა, გასაჩივრების შემდეგ მოცემულობა შეიცვალოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 20 ქართულ ოცნებას, 3 კი – პარტიას – საქართველოსთვის.

მმართველმა პარტიამ ერთი მანდატი მეორე ტურის შედეგად დაიმატა და მონაცემები ჯერჯერობით წინასწარია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 27-წევრიან საკრებულოში 11-11 მანდატს თანაბრად ინაწილებენ ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თავდაპირველად, 4 მანდატი ჰქონდა გიორგი გახარიას პარტიას – საქართველოსთვის, თუმცა მოგვიანებით პარტია ერთმა წევრმა დატოვა და თქვა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. 1 მანდატი აქვს ლელოს.

ამ მანდატებიდან თითო-თითო 30 ოქტომბრის მეორე ტურების შედეგად მოიპოვეს ქართულმა ოცნებამ და პარტიამ – საქართველოსთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა კი – 3.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 27-წევრიან საკრებულოში 12 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 7-7 ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოსთვის, 1 კი – ლელოს. საგულისხმოა, რომ საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჩხოროწყუდანაა.

ამ მანდატებიდან ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ 1-1 30 ოქტომბრის მეორე ტურებში მაჟორიტარული ოლქების შედეგად მოიპოვა, გიორგი გახარიას პარტიამ კი – 3.

მარტვილის მუნიციპალიტეტის 36-წევრიან საკრებულოში 15 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 11 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5 პარტია საქართველოსთვის, 1 ევროპულ საქართველოს, ევროპელ სოციალისტებს კი – 4.

ამ მანდატთაგან ქართულმა ოცნებამ 2 და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 მანდატი მეორე ტურებში მაჟორიტარული ოლქების მოგების შედეგად მიიღეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის 33-წევრიან საკრებულოში მმართველ პარტიას 16 მანდატი აქვს, ოპოზიციას კი – 17. აქედან 13 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია საქართველოსთვის კი – 4.

ამ მანდატებიდან 2 ქართულმა ოცნებამ მეორე ტურების მოგების შედეგად მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button