ახალი ამბები

ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა საკრებულოებმა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გამართეს, თუმცა ექვსი მუნიციპალიტეტში – ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სენაკში, სადაც ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა. მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში, დასახელებულ თვითმმართველობებში პოლიტიკური კრიზისის საფრთხეებს აჩენს, რამაც, შესაძლოა მუნიციპალურ მმართველობას ხელი შეუშალოს.

რამდენიმე საკრებულოს ბედი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რამდენადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოს დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი კოალიციას არც ქართულ ოცნებასთან შექმნიან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან. ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე შეთანხმების თაობაზე მათ ადრინდელ მოწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად, სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ყველაზე რთული ვითარებაა ბათუმში, სადაც ოპოზიციას – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტიებს – საქართველოსთვის და ლელო საქართველოსთვის ჯამში 17 მანდატი, ქართული ოცნებას კი – 16 მანდატი აქვს. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სარგებლობს საქართველოსთვის აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, რომელმაც, შესაძლოა, ქართულ ოცნებასთან ითანამშრომლოს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციის უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი – ნუგზარ ფუტკარაძე – გარდაიცვალა. ენმ-ის მტკიცებით, მან გადაბირების მიზნით, ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლასა და წნეხს ვერ გაუძლო.

ბათუმის ჩიხი და შესაძლო გადაწყვეტა

ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და განაცხადეს, რომ ამით მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას ქალაქის „უკეთესი დღისთვის“ თანამშრომლობის „კიდევ ერთი შესაძლებლობა“ მისცეს.

თუმცა, ორ მხარეს შორის შეთანხმება ნაკლებად სავარაუდოა. კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ ალტერნატივად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და საკრებულოს დათხოვნისკენ მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რამდენადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება ვერ ხერხდება.

„[საკრებულოს] კონსტიტუციური უფლებამოსილება ბათუმში ვეღარ ხორციელდება“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ 3 დეკემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში და დასძინა, რომ „ბალანსი არის იმგვარი, რომ [ეს] უკვე წარმოუდგენელია“.

„საკრებულოში არათუ თავმჯდომარის არჩევა, სხდომის ჩატარება იქნება შეუძლებელი“, – თქვა გიორგი კირთაძემ, რითაც მან იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ საკრებულოს სხდომა ჩატარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვალოს, თუკი მას დეპუტატების ნახევარზე მეტი ესწრება.

ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლის ასარჩევად ბათუმი შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2022 წლის მაისში ჩატარდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარება ან პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს, რის შემთხვევაშიც, საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციონერ კანდიდატს მხარი მმართველმა პარტიამაც უნდა დაუჭიროს ან რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ბათუმში არსებული კრიზისის გადალახვის ერთ-ერთ ვერსიად ლელომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მათი კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის მხარდაჭერა შესთავაზა. ირაკლი კუპრაძის თქმით, მას მხარდაჭერა აღუთქვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა საკითხზე ქართული ოცნების პოზიცია უცნობია. მანვე 3 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა.

სხვა მუნიციპალიტეტები

საკრებულოს თავმჯდომარე ვერც რუსთავში აირჩიეს. აქ კანდიდატი ქართულ ოცნებასთან ერთად, გიორგი გახარიას პარტიამაც წარადგინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხმის მიცემის მომენტში სხდომა დატოვეს, მამუკა რეხვიაშვილმა და ნოდარ შეროზიამ ხმების საკმარისი რაოდენობის მიღება ვერ შეძლეს. პირველ მათგანს 16-მა, ხოლო მეორეს მხოლოდ 3-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, მათ ხმის მიცემამდე, გახარიას პარტიასთან კონსულტაციის გავლა სურდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ამისთვის სხდომათა დარბაზიდან ისინიც გამოვიდოდნენ, თუმცა ტყუილად. „ჩვენ ამ ქალაქში გავიმარჯვეთ და ჩვენ გვქონდა ამ ქალაქში პროგრამა… და ამ საკრებულოს პირობებში, თუ ეს საკრებულო იქნება არა ქართულ ოცნებასთან მოთანამშრომლე… და იქნება ხალხისთვის, ამ პროგრამის განხორციელება არის რეალისტური“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთე-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ.

ზუგდიდის საკრებულოში, პარტიამ საქართველოსთვის და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ოპოზიციური მანდატების უმრავლესობას ფლობს, მხარი დაუჭირეს წინა მოწვევის საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა სხდომა ისე დატოვეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არც საკუთარი კანდიდატები არ წარუდგენიათ და მონაწილეობა არც ხმის მიცემის პროცესში მიუღიათ.

კვორუმი არ შედგა და თავმჯდომარეები ვერც წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში აირჩიეს.

მეშვიდე საკრებულო, რომელიც შესაძლო პოლიტიკურ ჩიხს გადაურჩა, მარტვილია, სადაც ქართულმა ოცნებამ საკრებულოს საჭირო რაოდენობის დეპუტატების შეკრება ევროპელი სოციალისტების ხარჯზე შეძლო. ევროპელი სოციალისტები პატრიოტთა ალიანსის აწ უკვე ყოფილი წევრების მიერ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლებიც მმართველ პარტიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოირჩევიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button