ახალი ამბები

პრემიერი წინასაარჩევნოდ სამეგრელოს სტუმრობს და ოპოზიციას უტევს

30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების წინ, სამეგრელოში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს უტევს და მათ მწვავედ აკრიტიკებს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. პარტია ლიდერობს ზუგდიდის, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. ამავე მუნიციპალიტეტებში პირველ ადგილზე გავიდნენ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებიც.

პრემიერი ღარიბაშვილი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ 20-ვე მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან, რომლებშიც 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურები იქნება. მათ მუნიციპალიტეტებში ვიზიტები 19 ოქტომბერს დაიწყეს და უკვე ესტუმრნენ ხელვაჩაურს, ბათუმს, ოზურგეთსა და რუსთავს. ამის შემდეგ, ისინი სამეგრელოსკენ გაემართნენ და მხარდამჭერებსა და აქტივისტებს უკვე შეხვდნენ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში. დღეს ისინი ფოთს, ხობსა და სენაკს სტუმრობენ.


დღეს, სენაკში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ფეიკ ჰიტლერი“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ „პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან“, მაგრამ „ეს ადამიანი [ჰიტლერს] ყველაფერში ბაძავს“.

„როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში“, – განაცხადა მან.

ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ შესაძლო სურვილზე საუბრისას, პრემიერმა თქვა, რომ |“ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს კიდევ მოეთხოვა ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს და მსოფლიოს რომ დაეჯერებინა“.

პრემიერის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენება უკვე გადაწყვეტილი აქვს და ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ დედაქალაქის მერად არჩევის შემდეგ, პოსტს დატოვებს „პრევენციული“ ხასიათის იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას მიერ წარდგენილი დედაქალაქის კოალიციური, ჩრდილოვანი კაბინეტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე წარსულში ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო, ევროპული საქართველო კი – საერთოდაც ამ პარტიის განაყარია.

პრემიერმა სენაკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფიაც გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი სააკაშვილის „პირადი მეგობარი“, რომელსაც „არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის“. „[ნაყოფიას] სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა რომ, მისი ინფორმაციით, არჩევნების დასრულების შემდეგ, მას ქვეყნის დატოვება და საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.

„ამაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ფარსი და სიყალბე, რაც მომდინარეობს ამ მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის გუნდისგან და მისი წევრებისგან. თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ეს ბელადი ციხეშია მოგეხსენებათ, დიდხანს იქნება ციხეში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მითუმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია“, – განაცხადა მანვე და დაამატა – „ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო“.

„ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

21 ოქტომბერს პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელიაც გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი, შესაძლოა, „დამსახურებული“ ექიმია, მაგრამ „როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელი ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი?“.

ოპოზიცია „სიძულვილის“ კამპანიას გმობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პრემიერს დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ადასტურებს, თუ რამდენად „კონტროლიდან და ჩარჩოდან არის გასული ეს ადამიანი“.

„მას არ ესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, არჩევნები, დემოკრატია და ზოგადად, როგორია მოსახლეობის ინტერესი“, – თქვა დეკანოიძემ და დასძინა, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ აშანტაჟებს მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ მეორე ტურებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საბოტაჟს გამოუცხადებს საკუთარ მოსახლეობას“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს, დემოკრატიის მთავარ პრინციპს“ – განაცხადა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს არ აქვს ინტერესი, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება.

„ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი“, – თქვა ნაციონალური მოძრაობის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ და დასძინა, რომ პრემიერი „სამეგრელოში დაიარა და ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button