skip to content
ახალი ამბები

ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, დღეს საზოგადოებას 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის კოალიციური მთავრობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის, ასევე თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა, რომელშიც ლელოს, გირჩი-მეტი თავისუფლების, დროას, ევროპული საქართველოსა და ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც შედიან.

ნიკა მელიას მერად არჩევის შემთხვევაში, მერის მოადგილეების პოსტებს შემდეგი კანდიდატები გაინაწილებენ:

  • მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის;
  • ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება;
  • ელენე ხოშტარია – დროა;
  • ირაკლი აბესაძე – იურისტი, ყოფილი დეპუტატი.

თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს შემდეგი კანდიდატები უხელმძღვანელებენ:

  • ჯანდაცვისა და სოციალური სამსახური – სოსო ჯაფარიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური – მედეა მეტრეველი – ლელო საქართველოსთვის;
  • შიდა აუდიტის/ანტიკორუფციული სამსახური – გიორგი ნონიაშვილი -ევროპული საქართველო;
  • შესყიდვების სამსახური – მამუკა აჩბა – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
  • მუნიციპალური ინსპექციის სამსახური – დიმიტრი ბიძინაშვილი;
  • იურიდიული სამსახური – გიგა ლემონჯავა – დროა;
  • არქიტექტურის სამსახური – ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის;
  • მერიის ადმინისტრაცია – დავით ლაგვილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ტრანსპორტის სააგენტო – ვასო ურუშაძე – უპარტიო;
  • თბილისის განვითარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილსერვის ჯგუფი – ბესო გაზდელიანი.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობებს, მას შემდეგი კანდიდატები ჩაიბარებენ:

  • გლდანის გამგეობა – თენგო გიორგაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ნაძალადევის გამგეობა – ლერი დემეტრაშვილი ;
  • დიდუბის გამგეობა – დავით ნაფეტვარიძე – უპარტიო;
  • ჩუღურეთის გამგეობა – კახა ჟღენტი – ლელო საქართველოსთვის
  • ვაკის გამგეობა – საბა ბუაძე – ლელო საქართველოსთვის;
  • საბურთალოს გამგეობა – ოთარ თავართქილაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
  • ისნის გამგეობა – ლანა გალდავა – ლელო საქართველოსთვის;
  • სამგორის გამგეობა – გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგეობა – რომეო ფარულავა;
  • მთაწმინდის გამგეობა – თამაზ დათუნაშვილი – ლელო საქართველოსთვის.

მერობისა და მერის მოადგილეობის კანდიდატების მიმართვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა, რომ „პირველად ისტორიაში“ ოპოზიცია წარადგენს მრავალფეროვან, კოალიციურ გუნდს, რომელიც დედაქალაქის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრისა და კორუფციის აღმოფხვრის „საუკეთესო მექანიზმია“.

მისივე თქმით, იქ სადაც არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, ურთიერთკონტროლი და ბალანსი, იბადება „ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები“. „ქვეყანას სჭირდება დაბალანსებული გუნდი ქვეყნისა და დედაქალაქის მმართველობაში, რომ შევძლოთ საჭირო რეფორმების გატარება“, – დასძინა მანვე.

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ 30 ოქტომბრის მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, იგი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და პარტიის რიგით წევრად დარჩება.

„არ მგონია, რომ სწორი იყოს, რომ იყო მილიონნახევრიანი დედაქალაქის არჩეული მერი და ერთი მხრივ ატარებდე მთავრობის სხდომას და მეორე მხრივ ატარებდე საკუთარ პარტიაში თათბირს… ვშიშობ, თუკი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა მექნება დაკავებული, თბილისელებთან მიმართებით არ ვიქნები გულახდილი“, – განაცხადა მანვე.

მელიას თქმით, მის გუნდს, რომელიც დედაქალაქის განვითარების „საწინდარია“, სურს უპასუხოს გამოწვევებს და არა გადაერთოს „ზიზღის კამპანიაში“, როგორც ამას მისი კონკურენტი, კახა კალაძე აკეთებს.

„ჩვენი სურვილი არ არის, რომ თბილისელებს ვყოფდეთ… ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ თბილისი პრივილეგირებულებით და არაპრივილეგირებულებით დასახლებული, ჩვენ არ გვინდა, რომ თბილისი დავყოთ ჩვენიანებად და სხვებად…, ჩვენ არ გვინდა თბილისის სამსახურები ვაქციოთ პარტიების დასაქმების ბიურო[ება]დ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთ გზად კოალიციური მმართველობა დაასახელა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც. „კოალიცია ნიშნავს თანამშრომლობას, მაგრამ ამასთანავე ნიშნავს ურთიერთკონტროლს და სწორედ ეს მექანიზმი არის იმის დასამარცხებლად, რასაც ჰქვია გამეფებული კორუფცია და ნეპოტიზმი ამ ქვეყანაში, რომელმაც დაამუხრუჭა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა“, – თქვა ხაზარაძემ.

„ჩვენ გვინდა, რომ ორიენტაცია გავაკეთოთ ხვალინდელ დღეზე და შემოვიტანოთ ახალი სტანდარტი ურთიერთობის, პატივისცემის, პოლიტიკური დიალოგის და დისკუსიის, პროგრამებით ჭიდილის, სუფთა ხელებით საქმის კეთების“, – აღნიშნა ხაზარაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ის პროფესიონალი, რომელიც ამჟამად მერიაშია დასაქმებული, სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს.

გადასახადებისა და ბიუროკრატიის შემცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის მომავალი სწორედ კოალიციურ მმართველობაშია.

„ჩემთვის ეს არის ტრამპლინი, რომ ჩვენ თბილისი მოვიგოთ და ამის შემდეგ, მოვიგოთ ცენტრალური ხელისუფლება, რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს და ამ ქვეყანას მიეცეს განვითარების შანსი“, – თქვა ჯაფარიძემ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა, რომლის გარეშეც არცერთი გეგმა განხორციელდება“, – განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და ხაზი გაუსვა, რომ განსხვავებულთა თანაცხოვრება არის ის მთავარი ბაზისი, რის „გარეშე[ც] ქვეყანა არ შენდება“.

„და ნამდვილად, დროა, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი ახლა აშენდეს“, – დასძინა მანვე.

შენიშვნა: მასალა ლიდერების მიმართვებით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button