skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები სააკაშვილის პატიმრობის „პოლიტიკურ ხასიათზე“ საუბრობენ

19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხუთმა ევროპარლამენტარმა შეშფოთება გამოხატა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო და განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია“.

„ის ფაქტი, რომ საქართველოში, ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, კითხვას ბადებს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ“, – განაცხადეს ევროპარლამენტის წევრებმა ანდრიუს კუბილიუსმა, რასა იუკნევიჩიენემ, რიჰო ტერასმა, მირიამ ლექსმანმა და სანდრა კალნიეტემ. მათ ხაზი გაუსვეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები „მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს“ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან და „სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში“.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მის საქმეს განიხილავს. მათივე თქმით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება სტრასბურგის სასამართლოს განხილვებს და მისი დასკვნების შესაბამისად იმოქმედებს.

ევროპარლამენტარებმა მაგალითად „[ვიქტორ] იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინა“ მოიყვანეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიებში, „რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტტოტალიტარულ, პოსტსაბჭოთა ჩვევებს“, ოპოზიციის ლიდერის, ექსპრეზიდენტის, ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება მიანიშნებს, რომ კანონის უზენაესობა, შესაძლოა, გაუარესდეს.

ევროპარლამენტარებმა საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ ოცნებას დააკისრეს: „ისინი არჩევანის წინაშე დგანან – ან გააგრძელონ უარყოფითი შედეგების შემსუბუქება, გაამწვავონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, ვიდრე სააკაშვილი ციხეში რჩება, ან ყურადღება მიმართონ კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვისკენ, რაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისათვის გადამწყვეტია“.

მმართველი პარტიის პასუხი

ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება“.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ხსენებულ ევროპარლამენტარებს „პირადი მეგობრობა“ აქვთ სააკაშვილთან და, მათ შორის, რაფაელ გლუქსმანი, სააკაშვილის გათავისუფლების მომთხოვნი კიდევ ერთი წერილის ხელმომწერი დაასახელა.

ღარიბაშვილის თქმით, გლუქსმანი იყო „სააკაშვილის მრჩეველი და ჩართული იყო მთელს ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ეს ადამიანი, მაშინ მთელი ეს პერიოდი როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა, უბედურება, წამება ციხეებში , ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ლობისტები, მუდმივად, 2012 წლიდან მოყოლებული საუბრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ვიღაცის დაჭერა, ვიღაცის ციხეში გაშვება, ასეთი განცხადებები ხელს უწყობს პოლარიზაციას ამ ქვეყანაში“.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მოწოდება გიორგი რურუასა და გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე, რასაც მოგვიანებით ოპოზიციასთან 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებები მოჰყვა, „მართლმსაჯულების პოლიტიზირების ძალიან ცუდი მაგალითი იყო, როდესაც ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატები ქართულ მართლმსაჯულებაში ერეოდნენ“. „ამას წერტილი დაესვა“, – დასძინა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button