ახალი ამბები

ლორენს მერედიტი რეფორმების კუთხით „მკაფიო პროგრესის“ საჭიროებაზე საუბრობს 

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მიერ საქართველოში ინვესტიციების მხარდაჭერას „თან ახლდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის კუთხით“.

ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობს. ვიზიტის მიზანი საქართველოსთვის ევროკავშირის ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხუთი ახალი პროექტის წამოწყებაა.

ლორენს მერედიტმა განაცხადა, რომ მმართველობის რეფორმები საჭიროა „არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, ასევე თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად“.

მერედიტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება ორ საყრდენს ეფუძნება – ესაა ინვესტიციები და რეფორმები მმართველობის სფეროში.

რაც შეეხება პროექტებს, მან აღნიშნა, რომ ორი მათგანი ეხება შავ ზღვაზე კავშირების განვითარებას და ითვალისწინებს როგორც სატრანსპორტო, ისე ციფრული კავშირების გაუმჯობესებას. მერედიტის თქმით, კიდევ ერთი ინიციატივის მიზანია 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარება, რათა მათ სრულფასოვნად ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. ამას გარდა, ორი პროექტის მიზანი სოფლებისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში დახმარებაა.

ლორენს მერედიტის ვიზიტამდე რამდენიმე თვით ადრე, ივლისში საქართველოს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სტუმრობდა, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button