skip to content
ახალი ამბები

ვარჰეიმ და ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გეგმაზე, რეფორმებსა და ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობაზე ისაუბრეს 

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ივლისის შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის გაჯანსაღების, საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმების, ასევე 5-6 ივლისს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ ისაუბრეს.

ევროკომისარმა ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა, როგორც ევროკავშირთან, ისე ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო კავშირების ნაკლებობაა. მანვე დასძინა, რომ მისი ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიასა და ინტერნეტზე წვდომის, ასევე შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველომ უკან ჩამოიტოვა პოლიტიკური კრიზისი, რათა ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და შემდგომ განვითარებაზე მოახდინოს ფოკუსირება. ევროკომისარმა ქვეყანას ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერა აღუთქვა. მისი თქმით, ახალი გეგმა საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ „განვითარების ზოგიერთი ეტაპი გამოტოვოს“ და 27 წევრიან ბლოკს წამოეწიოს.

ახალი გეგმის ფარგლებში, საქართველო 3.9 მლრდ ევროს ფინანსურ სახსრებს მოიზიდავს, საიდანაც 1.175 მლრდ გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ინვესტიციებისა და სესხების სახით გამოიყოფა.

გარდა ეკონომიკისა, ევროკომისარმა ვარჰეიმ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღნიშნა რა, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები „ფუნდამენტურია“ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისთვის, ევროკომისარმა განაცხადა: „საჭიროა, რომ წინ წავიწიოთ“.

5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ძალადობისა და ვანდალიზმის „ადგილი არ არსებობს“ და რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ჟურნალისტის კითხვაზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროპის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ამ ქმედებაზე მეტად, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თავად ჩამოკიდა დროშა იქ, სადაც უნდა ეკიდოს“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური ინიციატივა „შესანიშნავად პასუხობს სწორედ იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს მთავრობას გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავებაში“. „ეს არის კონკრეტული, ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა დაგმო 5-6 ივლისის ძალადობა და პირობა დადო, რომ „არცერთი ფაქტი არ დაგვრჩება გამოუძიებელი, ყველა ფაქტს გამოვავლენთ და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“.

„აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს პროვოკაციები შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

დღესვე ევროკომისარი ვარჰეი საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკანიანს შეხვდა. თბილისის შემდეგ ევროკომისარი აზერბაიჯანსა და სომხეთს ესტუმრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button