skip to content
ახალი ამბები

ერევანში ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 ოქტომბერს ერევანში სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს „აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა“ რეგიონში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. „აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებიც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას განიხილეს.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ინტენსიური ორმხრივი კონტაქტები ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარებისა და პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის დასტურია.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული სიტუაციაც მიმოიხილეს და დადასტურეს მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები, ასევე შეთანხმდნენ განაგრძონ აქციური დიალოგი.

წინაისტორია

სომხეთში ვიზიტამდე, დაახლოებით 10 დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მანამდე, დაახლოებით, სამი კვირით ადრე, 8-9 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თბილისს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შეხვდა.

მაისში, ბაქოსა და ერევანში ღარიბაშვილის სტუმრობას წინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს და აშშ-ის მედიაციით მიღწეული შეთანხმება უძღვოდა, რომლის ფარგლებშიც, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და სანაცვლოდ ერევანმა ბაქოს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალები გადასცა.

ამ შეთანხმებაზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 7 ოქტომბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისი მიმართავს ძალისხმევას, რათა შეთანხმებას შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით „აქტიურ კომუნიკაციას“ აგრძელებს სამხრეთ კავკასიის ორივე მეზობელთან, ასევე ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. მისივე თქმით, თბილისი უნდა იქცეს პლატფორმად დიალოგისთვის, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ლოჯისტიკურ, სატრანსპორტო და სარკინიგზო საკითხებზე.

მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის კონკრეტულ ვადებზე საუბარი ძნელია და რომ ეს დამოკიდებულია ბაქოსა და ერევნის მზაობაზე. „თუმცა, მე ვხედავ ამის შესაძლებლობას, რადგანაც ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების მხრიდან, მაძლევს მე იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ როლის ჩვენ თავზე აღება“, – დასძინა ზალკალიანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button