ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 28 სექტემბერს ბაქოს სტუმრობდა, სადაც იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზაგულბას პრეზიდენტის სასახლეში ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონულ ტრანსფორმაციაზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე „ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ახალ გზებზე“ იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი დაინტერესებულია ბაქოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით.

პრეზიდენტმა ალიევმა პრემიერ ღარიბაშვილს უთხრა, რომ „ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განმტკიცება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ხალხებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“.

ხაზი გაუსვა რა, რომ ბაქო „ძალიან კმაყოფილია დადებითი საინვესტიციო კლიმატით“ საქართველოში, პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ისინი ასევე განიხილავენ „ჩვენი თანამშრომლობის [ისეთ] ტრადიციულ სფეროებს, როგორებიცაა – ნავთობი და გაზი, ენერგეტიკა და ტრანსპორტი“.

პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბაქოში თან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ახლდნენ, 29 სექტემბერს აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა და მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სხვა შეთანხმებებთან ერთად, კულტურის სფეროში თანამშრომლობის, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსაც მოაწერეს ხელი.

ეს ბაქოში პრემიერის მეორე ოფიციალური ვიზიტია. თებერვალში, პრემიერის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მაისშიც ესტუმრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button