skip to content
ახალი ამბები

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა თბილისში შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სომეხი კოლეგა, ნიკოლ ფაშინიანი მიიღო, რომელიც თბილისს 8-9 სექტემბერს სტუმრობს.

როგორც მხარეებმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს რეგიონის მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობას. ლიდერებმა ასევე აღნიშნეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა ივნისში გამართულ არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვება „სომხეთისთვის ახალი ეპოქის დაწყების შესაძლებლობად“ შეაფასა. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერმინისტრის ხედვის გაცნობის შემდეგ იგი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი -„რთული გამოწვევა რეგიონისთვის“ – ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის კარს.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობასთანაც.

ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობაზე ისაუბრა და ერევნის მიერ მიწოდებული ნაღმების რუკის სანაცვლოდ აზერბაიჯანის მხრიდან 15 სომეხი სამხედრო ტყვის გათავისუფლებაში მისივე ჩართულობა გაიხსენა. „მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაცია”, – დასძინა მან.

საქართველოს პრემიერის პრეს-ცენტრის მიერ მოწოდებული თარგმანის თანახმად, ფაშინიანმა ივნისის თვეში ქართულ მედიაციას ქვეყნებს შორის უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის ახალი საფუძველი უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ თანამშრომლობა სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგაც გაგრძელდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ასევე შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button