skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 102-ე შეხვედრა გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 27 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 102-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც IPRM-ის შეხვედრების თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ დისკუსიები შეეხო გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების „გახანგრძლივებული დახურვის“ გავლენას, ასევე უკანონო „ბორდერიზაციის“ შემთხვევებს და ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებულ ვითარებას.

მისიისვე ცნობით, შეხვედრაზე გამყოფი ხაზის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული ფრენების საკითხიც განიხილეს.

შეხვედრის ფასილიტატორები – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი – მიესალმნენ ზაზა გახელაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას და „ეფექტიან თანამშრომლობას“, რომლის მეშვეობითაც, „წყალზე წვდომასთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები მოგვარდა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა უკანონო „ბორდერიზაცია“ და თვითნებურად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის გათავისუფლება იყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისი თვითნებურად დაკავებული ადამიანების საკითხს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოახლოებულ რაუნდზე დააყენებს.

საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა შეხვედრაზე ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა „სახელმწიფო საზღვარი“ დაარღვია.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართება.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button