skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: „ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელსაც თებერვალში ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავისუფალია.

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა გახელაძის შეწყალების ბრძანება დღეს გამოსცა, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გასული წლის ივლისში, ჯერ ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მისთვის, 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მკაცრად დაგმეს ოფიციალურმა თბილისმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.

გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. მათ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, გასულ თვეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებდნენ, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებდნენ.

გუშინ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 101-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით „გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება“, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მანაც თავი შეიკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button