skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების ლიდერები ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებენ

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის ჩხუბისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ, სავარაუდოდ, უცხოელი დიპლომატების მოსმენების შესახებ თემის შეფასების შემდეგ, ქართული ოცნების ზოგიერთმა ლიდერმა ევროპელი დიპლომარი გააკრიტიკეს.

სავარაუდო მიყურადება დიპლომატებზე

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მიერ დიპლომატების სავარაუდო მოსმენა „კითხვებს ბადებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით და არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ამ ტიპის მოქმედებებშია ჩართული ჩვენ წინააღმდეგ“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „[როდესაც] არის თუნდაც ნიშნები, იმის რომ, შეიძლება, ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც“. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ელჩი ჰარცელის განცხადება „დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ, მემგონი, იყო აცდენილი, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“.

იმავე დღეს, ელჩის განცხადება შეაფასა კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმაც. „თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი დადასტურებულია“, – უთხრა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანს მოსმენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რატომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბრიუსელში ალექსანდრე მახარობლიშვილი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გამოძიების დასრულებამდე ჩანაწერების „ავთენტურობას ვერავინ ვერ დაადასტურებს“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდისთვის გაუგებარი კარლ ჰარცელის „ხისტი“ განცხადება, „ვინაიდან ზუსტად იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან და რა წარმოშობისაა ის მასალები, რომლებსაც ასე ძალუმად აფრიალებდნენ ჩვენი ოპონენტები მედიასაშუალებებში“.

ჩხუბი ევროკავშირის ოფისის წინ

ევროკავშირის ოფისთან ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ „სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის“. კალაძემ ამით საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებზე – კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანზე მიანიშნა, რომლებიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესში იყვნენ ჩართულნი, რასაც ნიკა მელიას გათავისუფლება მოჰყვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, – „რა როლი“ უნდა ჰქონოდა ევროკავშირის ელჩს ინციდენტში? – ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა – „ვის რა როლი აქვს ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში, რომ ასეთი დაძაბულობის კერები და კონფლიქტები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უნდა უთხრას, რომ – მელია გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button