ახალი ამბები

ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში თვითმმართველობის არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო „ხასიათდება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზაციით“, ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებო მისიის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

ანგარიშში, რომელიც 26 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, ასევე ნათქვამია, რომ დღემდე კამპანიაში წამყვანია ორმხრივი ბრალდებები დეზინფორმაციისა და საარჩევნო დარღვევების შესახებ.

„19 აპრილის შეთანხმების შემდეგად მმართველ პარტიასთან მიმართებით წარმოშობილი 43 პროცენტიანი ნიშნული დისკუსიის ძირითადი საკითხია, რამაც კამპანიის პირველ კვირებში ადგილობრივი საკითხები გადაფარა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებისას პროცესში მონაწილე ზოგიერთმა მხარემ აღნიშნა, რომ „პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ხასიათდება აგრესიული დისკურსით, რასაც თან ერთვის ხშირი ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან“. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ რამოდენიმე ანგარიში მიიღო, რომლებშიც საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით კანდიდატებზე ზეწოლაზე, რათა მათ თავისი კანდიდატურა მოეხსნათ.

„საარჩევნო კამპანია აქტიურად შუქდება ბეჭდურ და ონალინ გამოცემებში და ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით“, თუმცა ბევრმა პარტიამ შეამცირა კარდაკარ და პირისპირ კამპანია COVID-19-თან დაკავშირებით გავრცელებული წუხილის გამო, ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, კანდიდატების იმეტესობას მიაჩნია, რომ მათ აქვთ კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა, მათ შორის უმცირესობათა ენებზე.

მისიათან შეხვედრებისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური გარემო „მეტისმეტად კეთილგანწყობილია მმართველი პარტიის მიმართ, მათ შორის საარჩევნო კამპანიის შემოწირულობებზე ხელმისაწვდომობის კუთხით“. მათივე თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მიერ დაწყებულმა რამდენიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა პროექტმა ეს საკითხი უფრო მეტად გაამძაფრა.

რაც შეეხება მედიაგარემოს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ის „მრავალფეროვანია, თუმცა შესამჩნევადაა დამოკიდებული პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე და მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ პოლარიზაციას ირეკლავს“. მისიასთან შეხვედრებისას, ზოგიერთმა წყარომ გამოხატა შეშფოთება გაუარესებული მედიაგარემოს, ჟურნალისტების სავარაუდო დაშინების, ძალადობის და მედიაზე პოლიტიკური გავლენების გამო.

არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები „ნაწილობრივ“ შეეხებოდა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მანამდე გაცემულ რამდენიმე რეკომენდაციას. „თუმცა განუხორციელებელი დარჩა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთი მანამდე გაცემული რეკომენდაცია. მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხებოდა ხმის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავების გადაწყვეტის გზებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად მიღებულ დამატებით ზომებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მისიასთან საუბრისას მონაწილე მხარეებმა გამოხატეს ნდობის სხვადასხვაგვარი ხარისხი ცესკოს მიუკერძოებლობის თაობაზე; ზოგიერთებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოს თავმჯდომარე სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უბრალო უმრავლესობით აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობის მოსაპოვებლად. სხვებმა კი აღნიშნეს, რომ ცესკოს „პლურალისტურმა“ შემადგენლობამ მას შემდეგ, რაც მისი წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებზე არსებით განხილვებს შეუწყო ხელი.


ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისია 26 აგვისტოს გახსნა. სადამკვირვებლო მისიის გუნდი, რომელიც 12 ექსპერტისა და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, 4 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. მისია არჩევნების მომდევნო დღეს წინასწარი შედეგების შესახებ განცხადებას გამოაქვეყნებს, ხოლო საბოლოო ანგარიში საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვეში გამოქვეყნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button