Placeholder canvas
ახალი ამბები

მმართველ პარტიას გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლა აღარ სურს

დღეს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის განხილვის დაწყების კვალდაკვალ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები გააგრძელებენ დისკუსიას ცვლილებათა პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც გენერალური პროკურორის 3/5-იანი უმრავლესობით არჩევის წესს ითვალისწინებს. აღნიშნული წესის შემოღების პირობა ქართულმა პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით იკისრეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი „აბსურდული“ ნორმისთვის მხარდაჭერა მისთვის, როგორც იურისტისათვის, შეურაცხმყოფელიც კი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის, აღნიშნულ ჩანაწერს, მმართველმა პარტიამ ხელი აპრილში მოაწერა, ხოლო ივლისის ბოლოს შეთანხმება დატოვა.

ამჟამინდელი კანონპროექტის თანახმად, პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევა პირველ ორ ჯერზე 3/5-იანი კვალიფიციური უმრავლესობით უნდა სცადოს, ხოლო მომდევნო ცდაზე გენ.პროკურორის არჩევა უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. მსგავსი ცვლილებით, 19 აპრილის შეთანხმება მიზნად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპოზიციის როლის გაზრდას ისახავდა.

ქართულ ოცნებას ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კი 113 კანონმდებლის ხმა სჭირდება. კობახიძის თქმით, დისკუსია ოპოზიციონერ დეპუტატებთან ხვალაც გაგრძელდება. ხვალვე გაიხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესიაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დანარჩენი დებულებები შეეხება ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის 7-დან 4-მდე შემცირებას, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანასა და საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას. მმართველი პარტიის თქმით, ისინი ამ ორი დებულების მიღების პირობის ერთგულნი რჩებიან.

ოპოზიციურ პარტიებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს გენერალურ პროკურორზე ჩანაწერის გარეშე, თუმცა მათ უკვე გააკრიტიკეს მმართველი გუნდი პირობის დარღვევისათვის. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, როგორც ჩანს, ქართული ოცნება აპირებს სრულად უგულებელყოს 19 აპრილის შეთანხმებაში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ჩანაწერები.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ქართულ ოცნებას არ სურს, გენერალური პროკურორი კონსენსუსით შეირჩეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button