ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანზე თავდასხმისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თბილისში 24-25 თებერვლის ღამეს თავდასხმისთვის 3 პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანაიას შეფასებით, მომხდარი „არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან [ხელისუფლების წარმომადგენლები] კრიტიკული არხების მიმართ“. მისივე თქმით, ნასვამ დგომარეობაში მყოფმა თავდამსხმელებმა, მას შემდეგ, რაც იგი იცნეს, მიუახლოვდნენ და მისი პროვოცირება დაიწყეს. „დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია“, – განმარტა მან.

წამყვანის თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც იგი მეუღლესთან, რძალთან, მცირეწლოვან შვილთან და ძიძასთან ერთად ავტომობილით აეროპორტიდან შინისკენ მიემართებოდა, თუმცა უამინდობის გამო გაჩერება და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოუხდათ.

სანაიას განცხადებით, ერთ-ერთ თავდამსხმელი, რომელიც დაპირისპირების ინიციატორი იყო, „მუშტებმოღებელი“ მასზე თავდასხმას ცდილობდა. „ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი, წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება“, – აღნიშნა ჟურნალისტმა და დაამატა, რომ მას დაზიანებები აქვს თავზე, ხელებზე და ფეხებზე.

სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა მის რძალსაც დაარტყეს, იმ დროს, კი, როდესაც მაშველები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელები მანქანისკენაც იწევდნენ, რომელშიც ქალები და მცირეწლოვანი ბავშვი ისხდნენ.

ჟურნალისტის თქმით, პოლიცია მისმა რძალმა გამოიძახა და სამართალდამცველებმა თავმდასხმელები ადგილზე დააკავეს.

პოლიტიკოსების გამოხმაურება

„ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა“ დაგმო საქართველოს პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს“. მანვე სამართალდამცველებს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა, „რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“.

საქართველო ნებისმიერ მოქალაქისა და „მით უფრო, მედიის წარმომადგენლების“ მიმართ „ყოველგვარი ძალადობა“ დაგმო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დამნაშევეების „კანონის მთელი სიმკაცრით“ დასჯის პირობა დადო.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ბრალდებას, რომ მომხდარი კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების რიტორიკის შედეგია, ქართული ოცნების დეპუტატმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა და თქვა – „ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა“.

მომხდარს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ოცზე მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და ხაზი გაუსვა, რომ „ეს [იმ] უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა“. მათივე განცხადებით, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისა და ჟურნალსტების მიმართ „ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა“.

„ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით“, – აღნიშნეს ხელმომწერებმა.

არასამთავრობოებისა და აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების „აგრესიული რიტორიკას“ უარყოფითი გავლენა აქვს ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს „მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველობას“ განცხადებით, ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობა „საშიშ პრეცენდენტს“ ქმნის და ის ხელისუფლების იმ „აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილია, რომელიც კრიტიკული მედიის, ჟურნალისტებისა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისკენაა“ მიმართული.

კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ კი – მოუწოდა გენერალურ პროკურატურას, რომ საქმეში დამატებით „შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა“ (სისხლის სამართლის კოდექსის – 531 მუხლის პირველი ნაწილი).

მედიის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას საქმის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის საელჩომ თბილისში ასევე დაგმო ჟურნალისტზე თავდასხმა და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ამ და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის სხვა საქმეებზე სრულფასოვანი გამოძიება აწარმოოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button