skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, თითქმის ორთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 28 ივნისს თავშესაფარს ერთობლივად ეწვივნენ.

პანსიონში დაახლოებით ოთხსაათიანი დაყოვნების შემდეგ, სახალხო დამცველმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ დღევანდელი ვიზიტის დანიშნულება ბავშვების გაცნობა და მათთან კონტაქტში შესვლა იყო და იმის გათვალისწინებით, რომ მათ სახალხო დამცველზე „ძირითადად კარგი არაფერი სმენიათ“, კომუნიკაციის დროს ბარიერი იყო, რაც „ბუნებრივია“. ომბუდსმენმის თქმით, ასევე გაეცნენ დოკუმენტაციას და მის მოწესრიგებასთან დაკავშირებით პირველადი რეკომენდაციაც გასცეს.

„მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული. დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და, ზოგადად, ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა“, – თქვა ნინო ლომჯარიამ და დასძინა, რომ პანსიონში ვიზიტები გაგრძელდება, რადგანაც „სამუშაო ძალიან ბევრია“.

თავის მხრივ, ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მზად არის გაითვალისწინოს, როგორც სახალხო დამცველისა და სახელმწიფოს, ისე ევროკავშირისა და UNICEF-ის რეკომენდაციები, რათა პანსიონი „საჩვენებელი გავხადოთ“. „ჩვენი კარგი ღიაა. პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღმოვფხვრით“, – დასძინა მანვე.

„სიტუაცია გამოსწორებულია, უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე, იმანაც იმოქმედა, რომ [ბავშვები] ორი თვე ტყვეობაში იყვნენ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ [და] გაუცხოებულები იმიტომ არიან. შედარებით უკვე შემოდიან ყველასთან კონტაქტში“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა და დაამატა, რომ „ვისაც არ ენდომება აქ, არ გავაჩერებთ“.

წინაისტორია

ომბუდსმენი და ეპისკოპოსი იაკობი პანსიონში ერთობლივ ვიზიტზე 17 ივნისს, თავშესაფრის ხელმძღვანელის პოსტზე ეპისკოპოს სპირიდონის შეცვლიდან ორ დღის შემდეგ შეთანხმდნენ. სხალთის ეპისკოპოსმა პოსტი თავშესაფრის გარშემო არსებული უთანხმოების ფონზე დატოვა.

მანამდე, პანსიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის აპარატის მონიტორებს თავშესაფარში შესვლაზე უარი ორჯერ უთხრა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. შედეგად, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა და სახელმწიფოს პანსიონში არსებული მდგომარეობის შემოწმების „დაუყოვნებლივი“ უზრუნველყოფა დაავალა.

პარალელურად, ომბუდსმენმა გენერალური პროკურატურიდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საგულისხმოა, რომ 2020 ივნისიდან 2021 წლის აპრილის პერიოდში თავშესაფარში შესვლის შესაძლებლობა არც სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლებს ჰქონდათ. ბოლო ცნობებით, მოცემული მომენტისთვის პანსიონში 50-მდე აღსაზრდელიდან მხოლოდ 15 რჩება.

ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ მან პანსიონის ოცამდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა და დასძინა, რომ ის თანამშრომლები, რომელთა მიმართაც პრეტენზია თუნდაც ერთ აღსაზრდელს მაინც ჰქონდა, პანსიონში აღარ იმუშავებენ. მანვე თქვა, რომ იგი პანსიონის „მსოფლიო სტანდარტების“ შესაბამისად გადაკეთებას გეგმავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button