Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენი და ეკლესია ნინოწმინდის პანსიონში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი 17 ივნისის შეხვედრაზე მომდევნო კვირას თავშესაფარში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ.

„ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ, მინდა, რომ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილნი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

„ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს“, – თქვა სახალხო დამცველმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ პანსიონში მონიტორინგის შესაძლებლობა უკვე ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებსაც ექნებათ. ნინო ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას სოციალური მუშაკები აგრძელებენ და გადაწყვეტილებებსაც მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის“, – თქვა ომბუდსმენმა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მსგავი ტიპის დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდნენ და მათი საქმიანობა იყოს „გამჭვირვალე და ღია“.

თავის მხრივ ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონი ე.წ. დღის ცენტრად გადაკეთდება და ერთ სახლში „მსოფლიო სტანდარტის“ შესაბამისად მაქსიმუმ 6 ბავშვი განთავსდება.

მანვე აღნიშნა, რომ ის თანამშრომლები, რომელთა მიმართაც პრეტენზია თუნდაც ერთ აღსაზრდელს მაინც ჰქონდა, პანსიონში აღარ იმუშავებენ და ეკლესია არ დაიწყებს იმის გარკვევას „მართალია თუ მტყუანია ის ბავშვი“.

ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტები პანსიონთან დაძაბული გარემოს შექმნაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს „დიდი სტრესია ბავშვებისთვის“, რომლის დაძლევაც მათ ძალიან უჭირთ.

ამბის წინაისტორია

საპატრიარქოს მეთვალყუროების ქვეშ მყოფი ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დაწესებულებაში მონიტორინგისთვის შესვლაზე უარი ორჯერ უთხრეს. შედეგად, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა და სახელმწიფოს პანსიონში არსებული მდგომარეობის შემოწმების „დაუყოვნებლივი“ უზრუნველყოფა დაავალა.

რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საპატრიარქო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, პანსიონიდან უკვე 30 აღსაზრდელი გამოიყვანეს, მათ შორის, 7 შშმ ბავშვია. სააგენტოსვე ინფორმაციით, დარჩენილ 23 აღსაზრდელზე დაკვირვება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პანსიონის 40-ზე მეტი აღმზრდელიდან მუშობას მხოლოდ 19 განაგრძობს. გადაწყვეტილება მან აღსაზრდელების შემცირებული რაოდენობით ახსნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button