ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის პანსიონის გარშემო არსებული რამდენიმეკვირიანი უთანხმოების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინე იაკობაშვილი) პანსიონის ხელმძღვანელად დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი შეცვალა. საქართველოს საპატრიარქომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა, რომელიც პანსიონს 17 წელი უძღვებოდა, თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.  

დანიშვნიდან მალევე, ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტები პანსიონში შეუშვა და განცხადებაც გააკეთა. „დარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდათ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პანსიონი „მცირე ზომის სახლის ტიპის დაწესებულად“ საერთაშორისო სტანდარტებისა და ეპისკოპოს სპირიდონის გეგმების შესაბამისად გადაკეთდება.

კითხვაზე ექნება თუ არა სახალხო დამცველს შესაძლებლობა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში პანსიონში მონიტორინგისთვის შევიდეს, ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ „ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი“. „გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მან.  

აღსანიშნავია, რომ მის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, ეპისკოპოსი იაკობი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World Vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიცია განიხილეს.  

ეპისკოპოსი იაკობი ცნობილია თავისი პოლიტიკური განცხადებებით, მათ შორის წირვების დროს სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციით. ცოტა ხნის წინ, 59 წლის ეპისკოპოსმა ღიად ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში „აუცილებლად“ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში და ხაზი გაუსვა, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც იგი მხარს უჭერს, აუცილებლად მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას.  

ეპისკოპოს იაკობის დანიშვნას პანსიონის ხელმძღვანელად წინ უძღოდა მის მიერ პანსიონის შესახებ გაკეთებული ძალადობის გამამართლებელი განცხადებები, მათ შორის – „რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს“.  

ამბის წინაისტორია  

საპატრიარქოს მეთვალყუროების ქვეშ მყოფი ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დაწესებულებაში მონიტორინგისთვის შესვლაზე უარი ორჯერ უთხრეს. შედეგად, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა და სახელმწიფოს პანსიონში არსებული მდგომარეობის შემოწმების „დაუყოვნებლივი“ უზრუნველყოფა დაავალა. 

რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საპატრიარქო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, პანსიონიდან უკვე 30 აღსაზრდელი გამოიყვანეს, მათ შორის, 7 შშმ ბავშვია. სააგენტოსვე ინფორმაციით, დარჩენილ 23 აღსაზრდელზე დაკვირვება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button