skip to content
ახალი ამბები

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს 

2020 წლის ივლისში უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით ცხინვალის მიერ გასამართლებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს შიდა ქართლის რეგიონში მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

მსვლელობა გახელაძის მშობლიური სოფელ ქვემო ჭალიდან დაიწყო, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს და სამთავისის მონასტერთან დასრულდა.

ზაზა გახელაძის მამას, მიხეილ გახელაძეს, თავდაპირველად, პროტესტის ნიშნად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა სურდა, თუმცა გუშინ მისი გადარწმუნება საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ სცადეს. დღეს, მიხეილ გახელაძემ აღნიშნა, რომ მან პატრიარქის მიმართვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით რუსეთის პატრიარქს, კირილს მიმართავს.

გახელაძის მამამ საქართველოს ხელისუფლება „უმოქმედობაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინა, რომ ხელისუფლებისთვის ზომების მისაღებად შანსი მიეცა, რათა „კიდევ არ მოხდეს ამ დაპირებით და ცრუ იმედებით, რომ ერთი წელი და ორი წელი მოვითმინოთ და ველოდოთ ჩვენ შვილს“.

გუშინ გახელაძის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და შემდეგ გორისა და ათენის, ასევე სამთავისის და კასპის ეპისკოპოსებს, ანდრიას და დამიანეს შეხვდნენ.

22 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახურმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ „პროვოკაციებისა“ და გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღბდა. აღნიშნა რა, რომ თბილისმა საკითხის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ „ოპოზიციური ძალები“ საქართველოში ამ მოლაპარაკაბების ჩაშლას ცდილობენ.

გახელაძის გათავისუფლებაზე დღეს პრემიერ-მინისტრ ღარიშვილის მიერ მოწვევულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩართო გახელაძის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„ვიმედოვნებ, რომ [ცხინვალში] მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც ამან, შესაძლოა, „დააზიანოს და ჩაშალოს მოლაპარაკებები“.

დღესვე, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, მათ შორის, „შეიქმნას ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები“ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით.

ერთობლივი განცხადება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „შეიმუშაოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკებს და უკვე დაგროვებულ გამოცდილებას დაეფუძნება“. განცხადებას ხელს აწერენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „უფლებები საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, ასოციაცია – „თანხმობა“.

ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის ივლისში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯერ ფეხის არეში დაჭრეს და შემდეგ „უკანონოდ“ დააკავეს. მას გამყოფი ხაზის „უკანონოდ“ გადაკვეთაში, ასევე სამართალდაცველზე თავდასხმაში ედება ბრალი. მას ცხინვალში 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button