skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრა და დაკავება დაგმეს

საქართველოს ელჩმა ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენელიცაა, 17 ივლისს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი დაგმო.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ამგვარი პროვოკაციები ადგილზე სიტუაციის ესკალაციას და დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ციხელაშვილმა, რომელიც შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მანამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო, განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, გახელაძის დაკავება გამონაკლისი არაა.

„წლების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ადგილობრივ მოსახლეობას უკანონოდ აკავებენ, რითაც უხეშად ილახება მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები“, – განაცხადა მან. ციხელაშვილმა საბჭოს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის – გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის დაკავებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს „დესტრუქციულ ქმედებებს“ ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და 14 სოფელში, დამატებით, უკანონო, ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით.

ჰუმანიტარულ გამოწვევებზე საუბრისას, ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, ვინაიდან მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე შეუფერხებლად წვდომის შესაძლებლობა ან  შეუფერხდათ ან საერთოდ არ მიეცათ.

აშშ-ის განცხადება

მუდმივმოქმედ საბჭოში აშშ-ის პოლიტიკური მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელმა, ლეინ დარნელ ბალმა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ ინფორმაციის გამო, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და დააკავეს.

„კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და შემდგომ დაკავებას და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ „კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე, შეასრულოს საკუთარი ვალდებულება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება“.

პოლიტიკური მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დასძინა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები შეწყვიტოს და ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე უარი თქვას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button