skip to content
ახალი ამბები

ზაზა გახელაძის განაჩენს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა 

საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოებმა თბილისში და ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაგმეს ოკუპირებული ცხინვალის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გასამართლება.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 თებერვალს დაგმო გახელაძის განაჩენი და მისი „დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ“ მოუწოდა. სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოხატა ლატვიის „სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

PACE-ის თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) 9 თებერვალს განაცხადეს, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე, რომელსაც „ცხინვალის ე.წ. სასამართლომ“ 12.5 წლით მიუსაჯა პატიმრობა.

თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის, როგორც ცხინვალის რეგიონზე „კონტროლის“ განმახორციელებელი ქვეყნის პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

8 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს საელჩომ ასევე მოუწოდა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ და აღნიშნა, რომ „საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება“.

აშშ-ის საელჩომ თბილისში 5 თებერვალს დაგმო ცხინვალის ხელისუფლების უკანონო ვერდიქტი და განაცხადა, რომ ეს განაჩენი „კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“.

საელჩომ თანადგომა გამოუცხადა გახელაძეს და მის ოჯახს და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები „საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს“.

საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტი არ მოხდებოდა, „რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს“.

5 თებერვალს გახელაძის განაჩენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას“.

„ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button