დაწურულადევროპა

“შეწინააღმდეგება, შებოჭვა და ჩართვა” ევროკავშირის ახალი სარუსეთო სტრატეგია

რა მოხდა?

საგარეო საქმეთა ევროკომისარმა ჟუზებ ბორელმა გუშინ წარადგინა “ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების საბჭოსათვის”, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების ჩარჩოს აყალიბებს. თავად ამ 14-გვერდიანი დოკუმენტის ტექსტი აქაა (ინგლისურად, pdf).

ვინ დაავალა?

ევროკავშირის ლიდერებმა 24 მაისს დაავალეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) ამგვარი ანგარიშის მომზადება ივნისში დაგეგმილი შეხვედრისათვის.

რა წერია ანგარიშში:

ევროკავშირის ზოგად ამოცანად დასახულია რუსეთთან “უფრო განჭვრეტადი და სტაბილური ურთიერთობის” ჩამოყალიბება. ნიშანდობლივია, რომ ეს ფრაზა პირდაპირ იმეორებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ფორმულას, ანუ ამ საკითხზე აშშ და ევროკავშირი წინასწარ შეთანხმდნენ.

ბორელის თქმით, სტრატეგიის ამოცანა იქნება: რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ევროკავშირისთვის ძირის გამოთხის შესაძლებლობების შებოჭვა და ამავდროულად იმ საკითხებში ჩართვა, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია. კერძოდ:

  • შეწინააღმდეგება: “უნდა ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევების წინააღმდეგ ჩვენს წევრ სახელმწიფოებში, ჩვენს სამეზობლოში და განვაგრძოთ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა.” ამ საქმიანობის “ფუნდამენტურ ელემენტად” მოხსენიებულია “უკრაინის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა.”
  • შებოჭვა: “უნდა შევბოჭოთ რუსეთის მცდელობანი, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირი უფრო შეკრულად და მედგრად უნდა დაუდგეს ამ საფრთხეებს.” აქვე ჩამოთვლილია ის სფროები, რომლებში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს რუსეთის შესაბოჭად: კიბერ-უსაფრთხოება, ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება “ჩვენი მეზობლებისათვის” და “მხარდაჭერა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის.”
  • რუსეთის ჩართვა: “მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან მუშაობა გაგრძელდეს რამდენიმე საკვანძო გამოწვევის მიმართულებით ჩვენი ინტერესების გასატარებლად”. ამგვარ სფეროებად ჩამოთვლილია – კორონავირუსთან ბრძოლა, ეკონომიკურ საკითხებში ტექნიკურ თემებზე თანამშრომლობა, ადამიანებს შორის კონტაქტები, სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების მხარდაჭერა. აქვეა ნახსენები საგარეოპოლიტიკური საკითხებიც: ახლო აღმოსავლეთი ავღანეთი, ირანის ატომური პროგრამა, ლიბია და გლობალური საკითხები – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ატომური იარაღის გაუვრცელებლობა. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის უშუალო სამეზობლოს მიღმა “წინააღმდეგობისა” და “შებოჭვის” ტაქტიკის განხორციელება ნახსენები არაა.

ჩვენ რას მივაქციოთ ყურადღება?

  • აშშ-სა და ევროკავშირს შორის, ჩანს, რუსეთთან ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდა. ეს დოკუმენტიც საბოლოოდ პრეზიდენტ ბაიდენთან ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჩასწორდა.
  • სანამ აშშ გლობალურ თემებზე მუშაობს, ევროკავშირმა საკუთარ თავს უნდა მიხედოს და სამეზობლოში რუსეთის ფათურის შებოჭვაზეა პასუხისმგებელი.
  • უშუალოდ ამ დოკუმენტში მხოლოდ უკრაინა დასახელდა, რაც იქ არსებული კრიზისის ამპლიტუდიდან გამომდინარე, ბუნებრივია. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც ერთ ქვაბში იხარშება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button