skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს 

საქართველოს საპატრიარქომ 6 ივნისს განაცხადა, რომ ის გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მიღებულ დროებით განჩინებას, რომელიც დაწესებულებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გაყვანას გულისხმობს.

საპატრიარქო აცხადებს, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე „უღირსი მოპყრობისა და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ“. აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციასა და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

აღნიშნა რა, რომ პანსიონში არსებული სიტუაცია „კომპეტენტურ სპეციალისტებს“ არ შეუფასებიათ, საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის „დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს“ და „წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან“.

საკითხში საპატრიარქოს „მოგვიანებით“ ჩართვასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისას, საპატრიარქომ განაცხადა – „ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი“.

„ამჟამად ვითარება შეცვლილია“, – განაცხადა საპატრიარქომ და დასძინა, რომ ადგილზე სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. „ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით“, – განაცხადა საპატრიარქომ.

საპატრიარქოსგან განსხვავებით, ფოთისა და ხობის ეპარქიის ეპისკოპოსმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ყოველგვარი სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე“ აღსრულდება. მისი თქმით, სიტუაცია არ გამწვავდებოდა სახალხო დამცველისთვის მონიტორინგის განხორციელება რომ არ შეეზღუდათ, რამაც საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პანსიონიდან 20 აღსაზრდელი, მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვი გაიყვანეს. უცნობია, ამ რაოდენობაში თუ შედის მანამდე გაყვანილი ექვსი ბავშვი.

სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე 40 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია  პანსიონიდან გამოიყვანონ ყველა  აღსაზრდელი“.

არასამთავრობოებმა ხელისუფლებას დამატებითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. მათივე თქმით, უნდა შეიქმნას „სპეციალური კომისია“, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით, მათ შორის, იურისტებით, ფსიქოლოგებით და სოციალური მუშაკებით, რომელიც „საერთაშორისო სტანდარტებით“ გამოიძიებს ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ ყველა შესაძლო დანაშაულს.

„წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით, ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ყოფილი აღსაზრდელების საუბრიდან გამომჟღავნდა, უტოლდება  წამებას და არასათანადო მოპყრობას“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა.

მათ ხაზი გაუსვეს პანსიონიდან გაყვანილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, სპეციალისტებმა შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში  კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სერვისებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button