skip to content
ახალი ამბები

ოზურგეთის ფქვილის საწარმოს თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება 

ოზურგეთის ფქვილის საწარმო „გულისტანის“ თანამშრომლები უკვე 17 დღეა გაფიცულები არიან და სხვა საკითხებთან ერთად, ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. გაფიცულების თქმით, კომპანია მათ თვეში 400 ლარს უხდის, თუმცა ოფიციალურად 650 ლარი აქვთ გაფორმებული.

გაფიცულმა თანამშრომებმა დღეს განაცხადეს, რომ კომპანიასთან გამართული არაერთი მოლაპარაკება ჩაიშალა და რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, დამსაქმებელი აპირებს, რომ ხვალ დაქირავებული მშრომელები მოიყვანოს და პოლიციის ძალის გამოყენებით საწარმოო პროცესი განაგრძოს.

თანამშრომლების თქმით, ისინი საწარმოს წინ აქციის გამართვას გეგმავენ, რათა მათი შემცვლელების ობიექტზე შესვლას ხელი შეუშალონ. „სამწუხაროდ, ძალოვანი უწყებები ჩვენს მხარეს არ დგანან, იცავენ წარმოების უფლებებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კომპანიის წარმომადგენელმა მარინა ჩხაიძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ახალ თანამშრომლებს საწარმოში მხოლოდ ერთჯერადად მიიყვანენ, რათა ფქვილი ადგილობრივ მაღაზიებში დაარიგონ. მან უარყო განცხადებები გაფიცული თანამშრომლების დაგეგმილი ჩანაცვლების თაობაზე, თუმცა, არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა გამორიცხა, რომ გაფიცულების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიციას მიმართონ.

საწარმოს წარმომადგენლის მტკიცებით, დასაქმებულებს ხელფასები პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო სამუშაო საათების კლების, ასევე გაზრდილი ფასების შედეგად ფქვილზე შემცირებული მოთხოვნის გამო შეუმცირდათ.

საწარმოს შპს „გურია ექსპრესი“ მართავს და მისი მფლობელი თურქეთის მოქალაქე ისმაილ ბოლუკბაშია. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button