skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივების პროტესტის ფონზე „ჯორჯიან მანგანეზი“ დათმობებზე საუბრობს 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, 20 მაისს განაცხადა, რომ მზადაა, ზარალის კომპენსაციის თაობაზე ადგილობრივების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

შუქრუთის მოსახლეობა უკვე 90 დღეზე მეტია საპროტესტო აქციას მართავს და აცხადებს, რომ მადნის მოპოვებითმა სამუშაოებმა მათი სახლებისა და ხეხილის ბაღების განადგურება გამოიწვია. 11 მაისიდან აქციის რამდენიმე მონაწილეს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

ადგილობრივები მათი ქონების ღირებულების შესაბამისად სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რომელსაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კანონის ფარგლებში შეაფასებს, ასევე ხელშეკრულების გაფორმებას მათ და კომპანიას შორის სახელმწიფოს ჩართულობით და აქციის მონაწილეთა „უკანონო“ დევნის შეწყვეტას.

ადგილობრივთა წუხილები

შუქრუთის მკვიდრების თქმით, მოპოვებითი სამუშაოები სოფელში საბჭოთა პერიოდის შემდეგ შეწყვეტილი იყო და მხოლოდ, დაახლოებით ექვსი წლის მას შემდეგ აღდგა, რაც ტერიტორიაზე კომერციული კომპანია შევიდა. მოპოვებით სამუშაოებს კომპანია „შუქრუთი+“ ახორციელებს, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შუქრუთის სახლების 70%-ში ცხოვრება შეუძლებელია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა, გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, რომ ჭიათურის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა არაადამიანურ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და მთელი რაიონი კატასტროფის წინაშე დგას.

გიორგი ნეფარიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ღამეებს კარვებში ათევდნენ და მაღაროს შესასვლელებიც კი დაბლოკილი ჰქონდათ, თუმცა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემდეგ, სამუშაოები განახლდა. „ამის შემდეგ წამოვიდა მუქარები, დაგწვავთ, გაგაქრობთ, თუ არ გაჩერდებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ოთხ პირს „უკანონოდ კომპანიის საქმიანობის ხელშეშლისთვის“ ბრალი წაუყენეს და მოგვიანებით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

მანვე საქართველოს ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პირების ამოკერვის შემდეგ, მათთან ხელისუფლებიდან არავინ მისულა. ნეფარიძის თქმით, კომპანიას არ სურს, რომ მათ ქონება კანონის შესაბამისად შეაფასოს და სანაცვლოდ, თვითნებურ და გაურკვეველ შეფასებებს ეყრდნობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 21 მაისს განაცხადა, რომ სახელმწიფოს, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მის კონტრაქტორებს შორის ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობისა და ზედამხედველობის „ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე“ სისტემა „კომპენსაციის სამართლიანად დაანგარიშებასა და ადმინისტრირებას შეუძლებელს ხდის“. ორგანიზაციამ ადგილზე მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

კომპანიის არგუმენტები და დათმობები

„ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, „თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ უნაზღაურებს მათ შესაბამის ზარალს, არის ყალბი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“.

20 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ ის მზადაა სოფელ შუქრუთის საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობის შესახებ ადგილობრივთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ „ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.

კომპანიის თქმით, შპს „შუქრუთი +“-ის მხრიდან მოსახლეობისადმი მიყენებული ან მოსალოდნელი ზიანის თაობაზე 2019 წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია სოფელთან, რის შემდგომაც შედგა შეთანხმება, გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. კომპანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივების მოთხოვნით შეფასებისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიც მოიწვიეს. „მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, შეფასების შედეგებს არ დაეთანხმა და მიმართა საპროტესტო აქციებს“, – აღნიშნა კომპანია.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თქმით, შპს „შუქრუთი +“ კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მლნ ლარამდეა. კომპანიისვე თქმით, ის მზადაა, რომ ინდივიდუალური ხელშკრულებები გააფორმოს მათთან, ვინც პროტესტს გამოხატავს. „ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს“, – განაცხადამ კომპანიამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button