ახალი ამბები

კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „ბორჯომის“ 350-მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა, რამაც „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის „პარალიზება“ გამოიწვია. გაფიცულები ხელფასების ზრდას, დასვენების დღეებისა და შესვენების ქონის უფლებას, ასევე კომპანიაში „პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას“ ითხოვენ.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ცნობით, გაფიცვა კომპანიის ხელმძღვანელობასთან 21-დღიანი უშედეგო მედიაციის პროცესს მოჰყვა.

ერთ-ერთი გაფიცულის თქმით, მათი პროტესტი „დამსაქმებლის ტყუილებმა“ და „უთანასწორობამ“ განაპირობა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ქარხანა [მანამ]  არ იმუშავებს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „[კომპანიის ხელმძღვანელს] 75 000 ლარი აქვს ხელფასი და მე 1 000 ლარზე ვეჭიდავები და იმასაც არ მაძლევენ“, – დაამატა „ბორჯომის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, კომპანიის ადმინისტრაცია დასაქმებულებს ხელფასის მომატებას ერთი წლის წინ დაჰპირდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა. მისივე თქმით, ერთი თანამშრომელი, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანის საქმეს ასრულებდეს და ხშირ შემთხვევაში მათ შესვენებისა და კვების დროც კი არ აქვთ. „თქვენ აქ შეგიძლიათ ნახოთ დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ 6-7 წელია და ამ დროის განმავლობაში ერთი დღე არ ჰქონიათ დასვენება“, – დაამატა დიასამიძემ.

მისივე განცხადებით, კომპანიის ადმინისტრაცია დასაქმებულებს გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნითაც დაემუქრა. პროფესიულმა კავშირმა 17 მაისს კომპანიის დირექტორის ხელმოწერით, სავარაუდოდ, სამუშაო სივრცეებში გამოკრული განცხადების ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც იკითხება, რომ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების დაპირებული ზრდა არ შეეხებათ.

ბორჯომის ქარხნებს შპს IDS Borjomi Georgia მართავს, რომელიც რუსეთში მდებარე „ალფა ჯგუფის“ საკუთრებაა. კომპანიას გაფიცვის თაობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button