ახალი ამბები

აქტივისტ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

„მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტ გიორგი მუმლაძეს, რომელიც პოლიციამ 14 აპრილს ქართული ოცნების ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მუმლაძის ადვოკატის თქმით, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისივე თქმით, მუმლაძე საპატიმროს გირაოს ნახევრის – 1 500 ლარის გადახდის შემთხვევაშიც დატოვებს. აქტივისტებმა თანხის შეგროვება უკვე დაიწყეს და ამ მიზნით, სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი გაავრცელეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 ივნისს არის ჩანიშნული.

წინაისტორია

გიორგი მუმლაძე სამართალდამცველებმა 14 აპრილს, ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე ოთხ აქტივისტთან ერთად დააკავეს, სადაც ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსულთათვის 5 დღიანი საკარანტინო რეჟიმის გაუქმებას ითხოვდნენ.

შსს-მ მუმლაძის მიმართ საქმე სამართალდამცველისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მუმლაძე დაკავების პროცესში პოლიციელისთვის ხელზე კბენას ცდილობს.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მუმლაძე პოლიციელებმა მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მას „გუდავდნენ“ და „უბრალოდ ხელი გააშვებინა“.

აქტივისტის წინააღმდეგ „სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება“ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამაც“. ორგანიზაციის თქმით, ეს „ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამცველის მხრიდან გიორგი მუმლაძის მიმართ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით სავარაუდო გადამეტების ფაქტზე“ გამოძიება სსსკ-ის 333-ე მუხლით („ბ“ ქვეპუნქტი) დაიწყო, რაც 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button