skip to content
ახალი ამბები

ნამახვანის აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მხრიდან „დათმობითი სულისკვეთება“ გაჩნდა 

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ქუთაისში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან „დათმობითი სულისკვეთება“ გაჩნდა.

ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში საპროტესტო აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში იმიტომ, რომ არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან“.

გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ იმისათვის, რომ „გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის“ და ეს მოთხოვნებია:  „შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას ნამახვანში, ანუ კარვები აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ“.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოსდა აღარ ამტკიცებენ, რომ ჰესის მშენებლობა გარდაუვალია. მირზა ნოზაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ფრთხილი ოპტიმიზმით განაცხადა, რომ ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი დაჰპირდნენ აქტივისტებს, რომ მათ კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემდნენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა.

აღნიშნა რა, რომ აქტივისტებმა „ჰიპოთეტური კითხვა“ დასვეს ჰესის მშენებლობის ბედის შესახებ, ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს რაიმე პროექტის განხორციელებას სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

ხელისუფლების მხრიდან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე ქართული ოცნების დეპუტატები სოზარ სუბარი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატი – გივი ჭიჭინაძე და ბეჟან წაქაძე, ასევე დეპუტატი გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი დეპუტატი რაჭა-ლეჩხუმიდან), დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე  (ქართული ოცნების რეგიონული მდივანი) და დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი.

სოზარ სუბარმა შეხვედრას „კონსტრუქციული“ უწოდა და განაცხადა, რომ მონაწილეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ქვეყანას ეს ჰესი სჭირდება.

იმავდროულად, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათი პროტესტი ჰესის წინააღმდეგ სოფელ გუმათში გაგრძელდება.

შემდგომი მოლაპარაკებების თარიღი და ფორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაზეს დამოკიდებული, განაცხადეს აქტივისტებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა.

ნამახვანჰესის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button