ახალი ამბები

პროპორციული, მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან მე-15 დღეს პროპორციული შედეგები და ასევე მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა, რითაც დადასტურდა, რომ ახალი პარლამენტი სამპარტიული იქნება.

საბოლოო შედეგების თანახმად, ქართულ ოცნებას 48.68% ხმების საფუძველზე 44 პროპორციული მანდატი ექნება; ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ხმათა 27.11% მიიღო, 27 მანდატი; ხოლო ბლოკს პატრიოტთა ალიანსის ლიდერობით, რომელმაც 5.01% დააგროვა, 6 მანდატი.

3 513 884 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 1 825 054-მა მისცა ხმა 8 ოქტომბერს, ხოლო 62 678 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. 

მეოთხე ადგილს, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 4.63%-ით "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ; შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.45%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობა – 3.53%; ლეიბორისტული პარტია – 3.14%; რესპუბლიკური პარტია – 1.55%.

არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა 17-მა სუბიექტმა საერთო ჯამში ხმების 2.91%–ზე ნაკლები დააგროვა.

150 წევრიან პარლამენტში 77 მანდატი პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევა.

44 პროპორციულ ადგილთან ერთად, მმართველ პარტიას დამატებით უკვე აქვს 23 მანდატი პარლამენტში იმ ერთმანდატიანი ოლქებიდან, სადაც პირველივე ტურში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი გადალახეს და გამარჯვება მოიპოვეს.

დანარჩენი 50 მაჟორიტარის გამოსავლენად მეორე ტურებია დანიშნული 30 ოქტომბრისთვის, მათ შორის ზუგდიდის 66-ე ოლქსა და მარნეულის 36-ე ოლქში, სადაც 22 ოქტომბერს ოთხ უბანზე განმეორებითმა კენჭისყრებმა პირველივე ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინეს.

მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან ის მოიგებს, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

50 ოლქიდან ორში – ზუგდიდსა და გორში, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატმა სანდრა რულოვსმა და თავისუფალი დემოკრატები ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები მეორე ტურებიდან, თუმცა ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად მათი გვარები მაინც იქნება საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი.

მმართველ პარტიას 50-დან 49 ოლქში ჰყავს მეორე ტურში თავისი კანდიდატები; გამონაკლისია მთაწმინდის ოლქი, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა რურუას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ქართული ოცნება უცხადებს მხარდაჭერას.

44 ოლქში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან – პირველი ტურის შედეგებით ყველგან ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულისა და ახალციხე/ადიგენის ოლქებისა, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს უკეთესი შედეგი აქვთ; ორ ოლქში – მცხეთაში და ლანჩხუთი/ჩოხატაურში – ქართული ოცნების  კონკურენტები დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან; ჭიათურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დაუპირისპირდება; ხოლო ხაშურში კანდიდატი „მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ბლოკიდან, რომელიც პირველი ტურის შედეგებით უგებს ქართული ოცნების კანდიდატს.

კვირას დანიშნული მეორე ტურები გადაწყვეტს პარლამენტის საბოლოო კომპოზიციას, სადაც ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას 67 მანდატი აქვს  – 9 ადგილით ნაკლები უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად და 46 ადგილით ნაკლები საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.

ახალი პარლამენტის არჩევა ახალი მთავრობის ფორმირებას იწვევს. პრემიერ-მინისტრი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ უნდა დაასახელოს; მთავრობის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მსგავსი/Related

Back to top button