ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ენგურში 3 გალელი დაიხრჩო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 7 აპრილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე დაიხრჩო.

სუს-ის ცნობით, მათ ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს.

„აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს“, – განაცხადეს სუს-ში.

აღნინიშა რა, რომ წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა უკვე არაერთი ადგილობრივის სიცოცხლე იმსხვერპლა, სუს-მა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის „მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ენგურის გამშვები პუნქტი 2020 წლის თებერლის ბოლოს ჩაკეტა. მას შემდეგ, სოხუმმა რამდენიმე „ჰუმანიტარული კორიდორი“ გახსნა, 2021 წლის თებერვალში კი – თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები გარკვეული კატეგორიებისთვის, მათ შორის, მოხუცების, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის შეამსუბუქა.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2021 წლის პირველ სამ თვეში გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები დააკავა დანარჩენ საქართველოში „უკანონოდ“ გადმოსვლის მცდელობისათვის.

პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის საკარანტინო პერიოდი 12-დან 5 დღემდე შეამცირა.

მარტის შუა რიცხვებში ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ოკუპირებული გალის რაიონიდან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა.

გალის რაიონის 30 000-ზე მეტი მოსახლიდან აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button