skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ აქტივისტები „რუსეთის აგენტები“ არიან 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „საფუძვლიანი ეჭვი“ არსებობს იმისა, რომ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები – შოთა დიღმელაშვილი და გიგა მაქარაშვილი „რუსეთის აგენტები“ არიან.

კობახიძემ ამგვარი ეჭვების არსებობა იმით ახსნა, რომ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ აქტივისტებმა პირველებმა შეიტყვეს.

პოზნერმა, რომელიც თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ქვეყანა დღეს დილით მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ვიზიტის წინააღმდეგ გუშინ ღამით საპროტესტო აქცია გაიმართა. ქართული ოცნების ხელისუფლება აქციის მონაწილეებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების მწვავე კრიტიკის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ მან „კრემლის პროპაგანდისტი“ ქვეყანაში შემოუშვა.

ელენე ხოშტარიამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მას ინფორმაცია იმ წრიდან ჰქონდა, რომელიც პოზნერს მასპინძლობდა. ხოშტარიას თქმით, მისი მიზანი არა „იმ ქართველების გაშავება და დამუნათება“ იყო, რომლებიც მას მასპინძლობდნენ, არამედ ხელისუფლების ინფორმირება, რომ პოზნერის ვიზიტი პრობლემური გახდებოდა.

„მაყურებელი კარგად ხედავს, რომ თუკი რამე არ მოსწონს ქართულ ოცნებას, ყველაფერს იქით [სხვას] აბრალებს“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმს და დასძინა, რომ მმართველი პარტია აქტივისტების მიმართ წილისწამებითაა ცნობილი.

„არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს, ალბათ, უნდა ვუჩივლო და დაველოდო სასამართლო როდის გათავისუფლდება, რომ ამ სიტყვებზე პასუხისგება მოუწიოს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button