skip to content
ახალი ამბები

კულტურის ახალ მინისტრს სამი მოადგილე ეყოლება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლადდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა 24 მარტს სამი მოადგილე – კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია წარადგინა.

თეა წულუკიანის პირველი მოადგილე კარიერული დიპლომატი კახა სიხარულიძე იქნება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან მუშაობს და მას უწყებაში სხვადასხვა მმართველი თანამდებობა ეკავა, მათ შორის, იყო მინისტრის პირველი მოადგილე. 2006-2007 წლებში სიხარულიძე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2013-2018 წლებში კი – იტალიაში. კახა სიხარულიძე კულტურის სამინისტროში საერთაშორისო მიმართულებას ჩაიბარებს.

თეა წულუკიანის კიდევ ერთ მოადგილეს, იურისტ სოსო გიორგაძეს 2020 წლიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია. კულტურის სამინისტროში ამავე თანამდებობაზე მუშაობას იგი 1 აპრილიდან შეუდგება. გიორგაძე იუსტიციის სამინისტროში 2013 წლიდან მსახურობს და იგი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი. გიორგაძე სამინისტროში ახალგაზრდობის მიმართულებას უხელმძღვანელებს და სპორტის საკითხების კურატორობასაც შეითავსებს.

კულტურის მინისტრის მესამე მოადგილე, პროფესიით აგრეთვე იურისტი იოსებ ბაღათურია უწყების საპარლამენტო მდივანი იქნება და კულტურის კოდექსის შექმნას „ჩაუდგება სათავეში“. იგი იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა მმართველ თანამდებობაზე მუშაობდა, აგრეთვე 2014 წლიდან იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს მას შემდეგ დაინიშნა, რაც საქართველოს პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფასა კვლავ დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button