skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შესწავლა დაევალა, თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩია. გადაწყვეტილება დღეს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე მიიღეს. საპარლამენტო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულებს შეისწავლის. კომისიის მდივნად „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი აირჩიეს.

კომისია რვა წევრისაგან შედგება, მათ შორის ხუთი „ქართული ოცნებიდანაა“ (თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია), სამი კი ფსევდო-ოპოზიციური პარტიებიდან – „ხალხის ძალა“ (სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტები“ (ილია ინჯია). „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატებითაა დაკომპლექტებულია, რომელთა მიზანიც ქვეყანაში „ჯანსაღი ოპოზიციის“ შექმნაა.

თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერია, „ქართული ოცნების“ კოალიციას 2011 წელს შეუერთდა პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან, მოგვიანებით კი პარტია “ქართულ ოცნებაში” გადავიდა. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მას მთავრობაში მაღალი თანამდებობები ეკავა. 2012-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2021-2024 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. იგი პარტიის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად და ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.

შეხვედრაზე წულუკიანმა კომისიის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი დასვა. მისი თქმით, დიდი მოცულობის მასალების გამო, კომისიის წევრებს დამატებითი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოთ, მათ შორის სამუშაო გრაფიკის კორექტირება ან კომისიის თითოეული წევრის უფლებამოსილების გაფართოებას.

წულუკიანის თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომისიის მუშაობით და დაზარალებულად მიიჩნევიან, კომისიაში განცხადებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. მან სთხოვა იმ პირებს, რომლებიც კომისიას წერილობით მიმართავენ, რომ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდონ ნაციონალური მოძრაობის „დანაშაულების“ შესახებ და არა ზოგადი ინფორმაცია, რაც საშუალებას მისცემს კომისიას სწრაფად შეაფასოს ინფორმაციის ღირებულება. „არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს მსხვერპლი, ის შეიძლება იყოს მოწმე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნები დაეფუძნება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ანგარიშებს და ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

წულუკიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გამოძახებულ პირებს კანონით მოეთხოვებათ თანამშრომლობა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში მკაცრ ზომებს ითვალისწინებს.

მისი თქმით, კომისიის გამოიძიება მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა სასჯელაღსრულების სისტემა, სასამართლო სისტემა, ჩამორთმეული ქონება, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა სახის რეპრესიები თუ დევნა და არჩევნები. წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისია ასევე შეისწავლის ოფიციალური პირების ქმედებებს 2008 წლის რუსეთის ომთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი არაა ქართველი ჯარისკაცების ქმედებებზე.

„ახალი თაობა ჩნდება და არაერთ ჩვენგანს უკვე შეგვხვედრია ქართველი, სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც 12 წლის წინ სრულიად პატარა იყო. და მან არ იცის, რასაც ვუყვები, ჰგონია, რომ რომელიღაც ზღაპრის წიგნში წავიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს ვუყვები. ჩვენი კომისიის მიზანი ისტორიისთვის შტრიხების შემატება უნდა იყოს“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო კომისიის შექმნა სადავო არჩევნების შედეგად მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალებმა (კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის) პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე. 5 თებერვალს, „ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა სამი ოპოზიციურ კოალიაციას მანდატები შეუწყვიტა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button